პროექტის "მეცნიერება მომავალი თაობისთვის" ფარგლებში პროფესორმა ლილი ხეჩუაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია „ტვინის ლაბირინთიდან ფსიქიკისკენ: როგორ ყალიბდება ქცევა და ცნობიერება.“
- მეცნიერება ფსიქოლოგია: ტვინი, ფსიქიკა, ქცევა და ცნობიერება;
- ქცევის ნეირობიოლოგიური საფუძვლები;
- ქცევის ფორმირება და მართვა;
- ცნობიერების ევოლუცია და განვითარება;
- ფსიქოლოგიური და კულტურალური ასპექტები;
- ტვინიდან ფსიქიკისკენ.
იხილეთ საჯარო ლექცია
ლილი ხეჩუაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მულტიფუნქციური ფსიქოთერაპიული ცენტრის „ჩვენი სივრცე“ თანადამფუძნებელი. მისი აკადემიური და პროფესიული საქმიანობა მოიცავს პიროვნების ფსიქოლოგიას, ნარატიულ ფსიქოლოგიასა და ფსიქობიოგრაფიულ კვლევებს.
მიღებული აქვს კვლევითი და აკადემიური სტიპენდიები აიოვას (აშშ), ტარტუს (ესტონეთი) და დასავლეთ ვაშინგტონის (აშშ) უნივერსიტეტებში. არის ღია საზოგადოების ინსტიტუტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევისა და ტრენინგის ინიციატივის უფროსი მკვლევრის კვლევითი გრანტის სტიპენდიანტი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კვლევითი გრანტის მკვლევარი. ასევე, მიღებული აქვს ფულბრაიტის კვლევითი გრანტი (2016); რუსთაველის ფონდის კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის (2016-2020) და ფუნდამენტური კვლევების გრანტი (2023-დღემდე). არის რუსთაველის ფონდის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის განვითარების გრანტის მკვლევარი და პროგრამის თანახელმძღვანელი, საქართველოს პოზიტიური ფსიქოლოგიის ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ბოლო 12 წლის განმავლობაში არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამული აკრედიტაციისა და ინსტიტუციური ავტორიზაციის ექსპერტი; წლების მანძილზე თანამშრომლობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, როგორც შეფასებისა და გამოცდილების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის უფროსი.
არის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოცემული მაღალრეიტინგული ჟურნალის Personality and Social Psychology Review ასოცირებული რედაქტორი; ორმოცდაათამდე სამეცნიერო საკონფერენციო ნაშრომის, ოცამდე მეტი სამეცნიერო სტატიის, ორი სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი და ერთი მონოგრაფიის (რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შესრულებული) ავტორი.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით.