კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
- ინსტიტუტის დაარსების ისტორია
ინსტიტუტი შეიქმნა 1997 წელს ბერძნული და რომაული ფილოლოგიის სფეროში უნივერსიტეტში უკვე არსებული სასწავლო და სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების გაერთიანების საფუძველზე. ინსტიტუტი განთავსებულია თსუ VIII კორპუსში.
დაარსებისა და საქმიანობის პროცესში ინსტიტუტს დიდი დახმარება გაუწია საბერძნეთის საელჩომ საქართველოში, საბერძნეთის კულტურისა და განათლების სამინისტროებმა, ბერძნული კულტურის, ალექსანდროს ონასისის, ი.ფ. კოსტოპულოსის ფონდებმა. ინსტიტუტს სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების რეალიზაციაში აქტიურ დახმარებას უწევდა და უწევს საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უცხოეთში მცხოვრებ ბერძენ თანამემამულეთა გენერალური სამდივნო, რეპატრირებულ ბერძენთა მიღებისა და განთავსების ნაციონალური, კოსტის და ელენი ურანისების სახელობის, დიონისიოს ვარელასის ფონდები, კვიპროსის სამინისტროები და ფონდები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და სხვ.
ინსტიტუტი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულია და საქართველოსა და საბერძნეთის ხელისუფლებისა და სასწავლო-სამეცნიერო ცენტრების ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. 1997-2018 წლებში ინსტიტუტს სტუმრობდნენ საბერძნეთისა და საქართველოს პრეზიდენტები – კონსტანტინოს სტეფანოპულოსი, ედუარდ შევარდნაძე, გიორგი მარგველაშვილი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კონსტანტინოს კარამანლისი, ათენისა და სრულიად საბერძნეთის არქიეპისკოპოსი ქრისტოდულოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და სხვ.
ინსტიტუტი დააარსა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა.
ინსტიტუტში 1997 წელს გაერთიანდა: 1. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, რომელიც დაარსდა 1918 წელს და რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ცნობილი მეცნიერები გრიგოლ წერეთელი, სიმონ ყაუხჩიშვილი, რისმაგ გორდეზიანი. 2. ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორია, რომელიც დაარსდა 1982 წელს და რომელიც აწარმოებდა ხმელთაშუა ზღვის კულტურებისა და ენების კვლევას – ძველი აღმოსავლეთი, ანტიკური სამყარო, ბიზანტია, ბერძნულ-ქართული ურთიერთობები. 3. ახალი ბერძნული ფილოლოგიის განყოფილება, რომელიც დაარსდა 1987 წელს. 4. სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის კაბინეტი – სპეციალიზებული ბიბლიოთეკა, რომელიც დაარსდა 1995 წელს და შეიცავდა 30 000-მდე წიგნს ინსტიტუტის პროფილით. 5. საინფორმაციო-საგამომცემლო ცენტრი, პროგრამა “ლოგოსი”, რომელიც დაარსდა 1996 წელს და რომლის ამოცანაც იყო პუბლიკაციებისა და ღონისძიებების განხორციელება ინსტიტუტის სპეციალობათა სფეროში. 6. “ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკა”, რომლის მიზანი იყო ბერძნულ და ლათინურენოვან ავტორთა ქართულად თარგმნა და გამოსაცემად მომზადება.
- ინსტიტუტის სტრუქტურა
ინსტიტუტი დღეს აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს: კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის კათედრები, ხმელთაშუა ზღვის კულტურების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის ბიბლიოთეკა.
- საგანმანათლებლო პროგრამები და სტიპენდიები
ინსტიტუტი ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს. კერძოდ:
ბაკალავრიატი: კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობები) (240 ECTS);
მაგისტრატურა: ბერძნულ-რომაული ფილოლოგია სამი მოდულით: კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია (120 ECTS);
დოქტორანტურა: კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, რომელიც ხორციელდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.
გარდა ამისა, ინსტიტუტის სასწავლო კურსები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც არჩევითი საგნები თსუ-ს ყველა ფაკულტეტზე. თსუ უცხოური ენების ცენტრი ასევე მთელ უნივერსიტეტს სთავაზობს კლასიკური – ძველი ბერძნული და ლათინური ენების და ახალი ბერძნული ენის სწავლებას.
ბიზანტიური ფილოლოგიის სტუდენტებს საშუალება აქვთ, უფასოდ ისწავლონ დიონისიოს ვარელასის ფონდის დაფინანსებით, ხოლო ახალი ბერძნული ფილოლოგიის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, სწავლის დასაფინანსებლად მიიღონ დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის, საბერძნეთის სხვადასხვა სამინისტროსა და ფონდის სტიპენდიები. სამივე მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ ალექსანდრე ალექსიძის სახელობის სტიპენდია, რომელიც ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდმა დააწესა.
- საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი აქტივობები სტუდენტებისთვის
ინსტიტუტი ორგანიზებას უწევს ძველი ბერძნული და ლათინური ენების კონკურსს VICTORIA, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ თსუ-ს, არამედ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან მოგზაურობით და საგამომცემლო პროგრამა “ლოგოსის” ვაუჩერებით.
არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტის ბერძნული ენის ცენტრთან თანამშრომლობით ინსტიტუტში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება ახალი ბერძნული ენის საერთაშორისო აღიარების მქონე სასერტიფიკაციო გამოცდები.
ინსტიტუტში ასევე ფუნქციონირებს სტუდენტთა სამეცნიერო წრე, სტუდენტური კლუბი და ანტიკური დრამის სტუდია “ოდეონი”. სტუდენტები სისტემატურად აწყობენ სტუდენტურ კონფერენციებს, სემინარებს, პოეზიის საღამოებს, ფილმებისა და სპექტაკლების ჩვენებას, ფესტივალებს, ექსკურსიებს, დგამენ სპექტაკლებს და სხვ. 2005 წლიდან ინსტიტუტში სტუდენტების მონაწილეობით დაიდგა შემდეგი სპექტაკლები, პერფორმანსები არტისტული სამსჯავროები: ევრიპიდეს “ტროელი ქალები”, “იფიგენია ავლისში” და “ორესტესი”, არისტოფანეს “ქალები სახალხო კრებაზე”, პლავტუსის “ფსევდოლუსი”, იაკოვოს კაბანელისის “სერობა”, “კლიტემნესტრას, ელექტრას, ოდისევსის კომპლექსი“, “მედეას სამსჯავრო“, “ვარიაციები ანტიკური სამოსელის თემაზე“ და სხვ.
2015 წლიდან ინსტიტუტი სისტემატურად ატარებს სტუდენტურ კონფერენციას „ანტიკურობის თანამედროვეობა“, რომლის ფარგლებში წაკითხული რჩეული მოხსენებები იბეჭდება ინსტიტუტის სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალში „მნემოსინე“. 2022 წლიდან კონფერენციამ „ანტიკურობის თანამედროვეობა“ შეიძინა საერთაშორისო ფორმატი.
2017 წელს ინსტიტუტი შეუერთდა ლათინურისა და ბერძნული ენის ევროპულ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ჰომეროსის “ოდისეა” ერთდროულად და საჯაროდ წაიკითხეს 20-ზე მეტ ქვეყანაში, 40-ზე მეტ ენაზე და მათ შორის ქართულად.
- აქტივობები სკოლის მოსწავლეებისთვის
1996 წლიდან ინსტიტუტი საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით კოორდინაციას უწევს პროგრამას “ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში”. ამჟამად ინსტიტუტის კურსდამთავრებულები ინსტიტუტის პროფესურის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან ახალბერძნულ ენას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.
ინსტიტუტის მხარდაჭერით 2013 წლიდან ხორციელდება კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი “ოქროს საწმისი”, რომლის ერთ-ერთი მიზანია ბერძნული კულტურის პოპულარიზაცია და რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები. ფესტივალის ფარგლებში ტარდება კონფერენციები, საჯარო ლექციები, ვიქტორინები, კონკურსები, ფილმების ჩვენება, თეატრალური წარმოდგენები და სხვ.
ინსტიტუტი ასევე აქტიურად არის ჩართული თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობაში. ინსტიტუტის თანამშრომლები პერიოდულად ატარებენ სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისთვის.
- საერთაშორისო თანამშრომლობა
ინსტიტუტს მჭიდრო კონტაქტები აქვს საბერძნეთის, კვიპროსის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ინგლისის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბულგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან. ყოველწლიურად ინსტიტუტის არაერთი თანამშრომელი და სტუდენტი მიემგზავრება სხვადასხვა ვადით საზღვარგარეთ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, ლექციებისა და მოხსენებების წასაკითხად, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სასწავლო პრაქტიკის გასავლელად და სხვ. ინსტიტუტის თანამშრომლები და სტუდენტები ასევე ხშირად სარგებლობენ ევროკავშირის Erasmus Mundus/Erasmus+ სტიპენდიებით.
2023 წელს ინსტიტუტმა თანამშრომლობა დაიწყო კლასიკური ენებისა და კულტურის შემსწავლელ ცნობილ ცენტრთან, Academia Vivarium Novum-თან (იტალია) და გახდა ევროპული გაერთიანება EUROCLASSICA-ს წევრი.
კლასიკური ფილოლოგიის კათედრა ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრასთან თანამშრომლობით 2015-2018 წლებში ჩართული იყო ციფრული სიძველეთმცოდნეობის დიდ საერთაშორისო პროექტში SunoikisisDC, რომელშიც მისი პარტნიორები იყვნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის ელინისტიკის ცენტრი, ლაიპციგის უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარიის კათედრა, ლონდონის სიძველეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ტაფტსის, ფლორიდის, სან პაოლოს, ლიონ 2-ის, ოსლოს, სოფიის, ზაგრების უნივერსიტეტები და სხვ.
2010-2023 წლებში, ინსტიტუტის ბაზაზე, ბოლონიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდებოდა ქართულ-ფრანგულენოვანი სადოქტორო პროგრამა ევროპულ ლიტერატურაში (DESE – Doctorat d'Études Supérieures Européennes Les Littératures de l’Europe Unie), რომლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიენიჭათ როგორც თსუ-ს, ისე ბოლონიის უნივერსიტეტის ორმაგი აკადემიური ხარისხი.
2023 წელს ინსტიტუტი შეუერთდა საერთაშორისო კონსორციუმს, რომლის კოორდინატორია ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია) და რომელიც განახორციელებს ერაზმუს მუნდუსის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას „ევროპული ლიტერატურული კულტურები“ (Master CLE). კონსორციუმის პარტნიორებია: ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია), ოტ-ალზასის უნივერსიტეტი, სტრასბურგის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), თესალონიკის უნივერსიტეტი (საბერძნეთი), ლისაბონის უნივერსიტეტი (პორტუგალია), დაკარის უნივერსიტეტი (სენეგალი), მუმბაის უნივერსიტეტი (ინდოეთი).
ინსტიტუტი სისტემატურად აწყობს საერთაშორისო კონფერენციებს, რომლებშიც მონაწილეობს ასობით მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 2014 წელს ინსტიტუტმა აღადგინა იენის ფრიდრიჰ შილერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების ტრადიცია. ასევე 2014 წლიდან ინსტიტუტი ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრასთან თანამშრომლობით აწყობს საერთაშორისო სეზონურ სკოლებს. ინსტიტუტი 2015-2017 წლებში მონაწილეობდა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალში, რომლის ორგანიზატორიც იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაცია და ნიკოს კაზანძაკისის საზოგადოება. 2022 წლიდან ინსტიტუტმა თანამშრომლობა დაიწყო საბერძნეთის კულტურის ფონდთან.
ინსტიტუტისთვის მხარდაჭერის მიზნით 1999 წელს დაფუძნდა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის განვითარების ფონდი, რომლის მიზანია ინსტიტუტის საქმიანობის მატერიალური სტიმულირების საშუალებათა მოძიება.
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა
ინსტიტუტი სამეცნიერო კვლევებს ახორციელებს კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის სფეროში შემდეგი მიმართულებებით: ძველი და ახალი ბერძნული, ლათინური ენების ფონეტიკური, მორფოლოგიურ-სინტაქსური ასპექტები; ბერძნული და ლათინური ენების ისტორია; კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ლიტერატურისა და კულტურის აქტუალური მსოფლმხედველობრივი და მხატვრული ასპექტები; ანტიკურობის რეცეფცია გვიან ანტიკურ ხანაში, ბიზანტიასა და თანამედროვე სამყაროში; ქართულ-ბერძნული და ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები და სხვ.
ინსტიტუტის ბაზაზე სისტემატურად ტარდება შეხვედრები „აგორაზე“, რომელიც აერთიანებს კვლევით სემინარებს, საჯარო ლექციებს, მოხსენებებსა და პრეზენტაციებს. „აგორას“ ღონისძიებებში მონაწილეობენ როგორც ინსტიტუტის თანამშრომლები, ისე ქართველი და უცხოელი კოლეგები საქართველოსა და უცხოეთის წამყვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებიდან.
- მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები
- ენციკლოპედია “ანტიკური კავკასია”
- ანტიკურობის რეცეფცია ქართულ ლიტერატურაში
- ბერძნულ-ქართული ლექსიკონი
- ქართულ-ბერძნული ლექსიკონი
- საქართველოს ბერძნული წარწერების ონლაინ კატალოგი
- საგამომცემლო საქმიანობა
ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს საგამომცემლო პროგრამა “ლოგოსი”, რომელმაც არსებობის მანძილზე გამოსცა 230-ზე მეტი წიგნი, მათ შორის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, ლექსიკონები, ენციკლოპედიები, თარგმანები, სამეცნიერო კრებულები, სამეცნიერო პერიოდიკა და სხვ. საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“ უზრუნველყოფს ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამებს ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით.
- სამეცნიერო ჟურნალები
ინსტიტუტი გამოსცემს თავისი სამეცნიერო პროფილის შესაბამის შემდეგ სამეცნიერო-კვლევით პერიოდულ გამოცემებს:
- საერთაშორისო, რეფერირებადი, უცხოენოვანი, ბეჭდური და ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი Phasis – “ფაზისი” (გამოდის 1999 წლიდან), ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ERIH-PLUS და SCOPUS;
- რეცენზირებადი ბეჭდური და ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში“;
- სტუდენტური ჟურნალი “მნემოსინე”.
- ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიებები
კონფერენციები და სიმპოზიუმები:
- “ელინისტიკა საუკუნეთა მიჯნაზე”, 21-26 IX, 2000
- “ელინოფილური დღეები”, 3-10 V, 2004
- “არგონავტიკა და მსოფლიო კულტურა”, 1-5 V, 2007
- “ბერძნული ცივილიზაცია და კულტურათა დიალოგი”, დემოკრიტეს სახელობის თრაკიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 5-7 V, 2011
- “საბერძნეთი – ევროპული იდენტობა – საქართველო”, 27-29 VI, 2012
- “ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები”, იენის ფრიდრიჰ შილერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 23-27 IX, 2014
- “ინოვაციის იდეა და ფორმები ბერძნულ კულტურაში (ანტიკურობა, შუა საუკუნეები, თანამედროვეობა)”, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – თბილისი 2016, 19-20 IX, 2016
- “მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში”, 17-20 IX, 2017
- “პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში”, 28-30 V, 2018
- “კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში – Vitae Discimus”, 24-27 II, 2021 (ონლაინ ფორმატში)
- “ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე”, 22-24 IX, 2021 (ონლაინ ფორმატში)
- “ნეოგრეცისტიკა საქართველოში – 4”, 19-20 XI, 2021 (ონლაინ ფორმატში)
- “კავკასიის აღქმა მითოლოგიასა და ლიტერატურაში ანტიკურობიდან დღემდე”, იენის ფრიდრიჰ შილერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 20-22 IX, 2023
- “ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე“, მადრიდის კომპულტენსეს უნივერსიტეტთან და კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 12-14 VI, 2024
საერთაშორისო სეზონური სკოლები
- ზამთრის სკოლა “შესავალი ციფრულ ფილოლოგიაში”, 14-18 I, 2014
- ზამთრის სკოლა “ხელისუფლება და იდეოლოგია ძველ სამყაროში”, 11-14 II, 2014
- საზაფხულო სკოლა “ციფრული კვლევის მეთოდები ფილოლოგიურ მეცნიერებებში”, 25-29 VIII, 2014
- ზამთრის სკოლა “ანტიკური სამყარო და კავკასია”, 6-11 III, 2017
საკონტაქტო ინფორმაცია:
ილია ჭავჭავაძის გამზ. N 13, 0179, თბილისი
თსუ VIII კორპუსი
ელფოსტა: greekstudies@tsu.ge