საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამაზ გამყრელიძე


გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი და აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე დაიბადა 1929 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისში, მოსამსახურის ოჯახში. 1952 წელს თ.გამყრელიძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ფილოლოგიის განყოფილება სემიტოლოგიის სპეციალობით. 1953-60 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, 1960-73 წლებში კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1973 წლიდან თ. გამყრელიძე აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი იყო. 1960 წლიდან იგი სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე იყო სტრუქტურული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის ხელმძღვანელი და ამავე უნივერსიტეტის ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის გამგე.

თ.გამყრელიძემ 1956 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1962 წელს- სადოქტორო დისერტაცია, 1964 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება, 1974 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

აკად. თამაზ გამყრელიძის კვლევის სფეროს წარმოადგენდა თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება, სემიოტიკა (ნიშანთა თეორია), კულტუროლოგია და დამწერლობათმცოდნეობა, იგი იკვლევდა ძველი აღმოსავლური ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს; თამაზ გამყრელიძე არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ბევრი დაბეჭდილია უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებში. იმავდროულად იგი მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალს ¨ Вопросы Языкознания ¨ როგორც მისი მთავარი რედაქტორი.

თ.გამყრელიძე სისტემატურად მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მუშაობაში, კითხულობდა ლექციებსა და მოხსენებებს უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

თ.გამყრელიძე არჩეულია ბრიტანეთის, ავსტრიის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიების, აგრეთვე ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ საპატიო წევრად; გარდა ამისა, იგი ამერიკის საენათმეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრია, აგრეთვე ევროპის ლინგვისტური საზოგადოების წევრი და მისი პრეზიდენტი 1986-87 წლებში; აკად. თ.გამყრელიძე ბონის და ჩიკაგოს უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი იყო.

1991 წლის აგვისტოში აკად. თ.გამყრელიძე დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე და ხანმოკლე ვადით ასრულებდა რექტორის მოვალეობას.

აკად. თამაზ გამყრელიძე სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1989 წელს იგი მონაწილეა მოსკოვში გამართულ სახალხო დეპუტატთა I ყრილობისა, რომელზეც უაღრესად მწვავედ განიხილებოდა თბილისში დატრიალებული 9 აპრილის ტრაგედია. 1990-91 წლებში თამაზ გამყრელიძე უკვე დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრია; 1992 წლიდან იგი რამდენიმე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი და 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

აკად. თამაზ გამყრელიძის სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა არაერთი ჯილდოთია აღნიშნული: მინიჭებული აქვს ლენინური, ჰუმბოლდტისა (გფრ) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიები.