საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საშაბათო სკოლა უკრაინელი მოსწავლეებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშაბათო სკოლას თბილისის სხვადასხვა სკოლაში განაწილებული უკრაინელი მოსწავლეები შეუერთდებიან. საშაბათო სკოლაში მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა თემატური ლექციები ჩატარდება.

უკრაინელ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მარინე ლომაური, თსუ პროფესორები, სტუდენტები შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თსუ რექტორმა უნივერსიტეტის დაარსების ისტორიისა და საბავშვო უნივერსიტეტის აქტივობების შესახებ ისაუბრა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განაგრძობს უკრაინის დახმარებას, ჩვენ უკრაინელ მოსწავლეებს  შევთავაზეთ თსუ-ს საშაბათო სკოლაში მონაწილეობის მიღება. რაც საშუალებას მისცემთ მათ, სკოლის შემდეგ მიიღონ დამატებითი განათლება. გვინდა,რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინელ მოსწავლეებს, რომლებიც გაჭირვებაში არიან და ლტოლვილის სტატუსით იმყოფებიან საქართველოში,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

უკრაინელმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს თსუ პირველი კორპუსის სამუზეუმო სივრცეები და ბიბლიოთეკა. საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მარინა ლომოურმა მოსწავლეებს უნივერსიტეტში არსებული სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-გასართობი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა.

„ვინაიდან ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინელი ბავშვებისთვის იმას, რომ  თავი იგრძნონ ლაღად, თავისუფლად, გაეცნონ თბილისსა და საქართველოს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ გაცნობისა, უნდა იყოს ჩვენი უნივერსიტეტი. დღეს ისინი არიან ჩვენთან სტუმრად, მოივლიან უნივერსიტეტს, მოისმენენ პატარა ინფორმაციიებს უნივერსიტეტის ისტორიის, მისი დღევანდელობისა და მომავლის შესახებ, გაეცნობიან სწავლის პროცესს, ჩვენს მუზეუმს, ბიბლიოთეკას, ვფიქრობ მათთვის ეს იქნება საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მარინა ლომოურმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის, თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და უკრაინის საელჩოს თანამშრომლობით, უკრაინელი მოსწავლეები „პლანეტარიუმი მთაწმინდაზე“ დაესწრებიან კინოჩვენებას და უკრაინულ ენაზე ნახავენ ფილმს „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“, 17 აპრილს კი მოსწავლეები დაესწრებიან სპექტაკლს გრიბოედოვის თეატრში.

თარიღი: 15/04/2022