საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ, საქართველოს ფოსტა და გაერთიანებული საფოსტო კავშირი კიტა ჩხენკელის ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიურ გამოცემას მოამზადებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ფოსტასთან და გაერთიანებულ საფოსტო კავშირთან ერთად კიტა ჩხენკელის ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიურ გამოცემას მოამზადებს. გამოცემა ცნობილი ქართველოლოგის, მეცნიერის, მთარგმნელის, ლექსიკოგრაფის  კიტა ჩხენკელის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს მიეძღვნება. პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორთან ლევან ჩიკვაიძესთან და გაერთიანებული საფოსტო კავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან ნუცა სულაძესთან ერთად თანამშრომლობის  მემორანდუმს მოაწერა ხელი.

 

„საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პუბლიკაცია მოვამზადეთ, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის ეპისტოლური  მემკვიდრეობა; პირველი სტუდენტის - მედეა  ღამბაშიძის შესახებ სამენოვანი წიგნი-ალბომი. ჩვენ ვაფასებთ ამ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტიც ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფოსტასა და თსუ-ს შორის თანამშრომლობა ასეთი ნაყოფიერია. ჩვენთვის ძალიან ღირებულია უნივერსიტეტთან პარტნიორობა, ჩვენი თანამშრომლები, გაერთიანებული საფოსტო კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, მზად არიან ჩაერთონ ამ პროექტში“,- აღნიშნა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

 

საქართველოს ფოსტისა და გაერთიანებული საფოსტო კავშირის ხელმძღვანელებმა, ასევე, გამოთქვეს მზადყოფნა მომავალ წელს ივანე ჯავახიშვილის 150 წლის საიუბილეო ღონისძიებებში ჩაერთონ. უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, დაიგეგმა ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მარკის გამოცემა.

 

ქართველი ემიგრანტების: კიტა ჩხენკელისა და მისი ძმის - აკაკი ჩხენკელის არქივები 2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოეცა. კიტა ჩხენკელის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტი გამოსცემს ამ არქივში დაცულ მის ეპისტოლურ მემკვიდრეობას, წერილებს, რომლის ადრესატები არიან ცნობილი მეცნიერები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და მწერლები, ასევე, საინტერესო მასალას ქართული კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკვლევრებისა და მკითხველთა ფართო წრისთვის.

 

კიტა ჩხენკელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებასა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში. მან შვეიცარიაში მის მიერვე დაარსებულ ქართულ სტამბა „ამირანში“ გამოსცა „ვისრამიანის“  თარგმანი, დაბეჭდა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული ენის შესავალი", რომელიც გერმანულენოვან სამყაროში დღემდე  ქართველოლოგიის კლასიკურ სახელმძღვანელოდ მიიჩნევა. ციურიხის უნივერსიტეტში დააარსა ქართველოლოგიური კათედრა. ამავე უნივერსიტეტში ჩხენკელმა უამრავი მასალა შეაგროვა „ვეფხისტყაოსნის“" აკადემიური გამოცემისა და ქართულ-გერმანული ლექსიკონის დასასტამბად. ლექსიკონის პირველი 6 წიგნი ავტორის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა, ხოლო მეშვიდეზე მუშაობის დროს კიტა ჩხენკელი გარდაიცვალა. ეს ნაშრომი 1974 წელს გამოიცა და იგი მნიშვნელოვან მოვლენად არის შეფასებული ქართველოლოგიის ისტორიაში.

თარიღი: 01/05/2025