საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმძღვანელოს „საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალი“ პრეზენტაცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ასოცირებული პროფესორის, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის სახელმძღვანელოს „საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა. 
 

„ეს არის საერთაშორისო გარემოსდაცვით სამართალში პირველი სახელმძღვანელო, რომელიც ქართულ ენაზე გამოიცა. მაია ბითაძე იყო პირველი პროფესორი, რომელმაც ეს კურსი, როგორც სასწავლო დისციპლინა, შესთავაზა ჩვენს სტუდენტებს იურიდიულ ფაკულტეტზე. საერთაშორისო გარემოსდაცვით სამართალში დღეს ძალიან ბევრი გამოწვევაა და  მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს, დაინტერესებულ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა ქართულ ენაზე გაეცნოს თანამედროვე კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ ნაშრომს,“-განაცხადა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.
 

პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 

„ახალი სახელმძღვანელოების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია დარგის და, ზოგადად, აკადემიური სისტემის განვითარებისთვის. თვითონ დარგი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი - გარემოსდაცვითი სამართალი, მისი საერთაშორისო განზომილება, აქამდე არ გვქონდა ჩვენ ამ მიმართულების სახელმძღვანელო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საერთაშორისო სტანდარტების სახელმძღვანელო მოამზადა მაია ბითაძემ, რაც ახალ სტიმულს მისცემს ამ დარგის განვითარებას,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ
 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის თქმით, „წიგნში ფაქტობრივად მოცემულია ყველა მიმართულება გარემოს დაცვის კუთხით: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, წყლის რესურსები, ნარჩენების მართვა და, რაც მთავარია, კონვენციები, ხელშეკრულებები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახლა ასრულებს, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებაა.“
 

„სახელმძღვანელო განმარტავს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ძირითად პრინციპებს, სუბიექტებს, წყაროებს. მათ შორის, სახელმძღვანელოში ასახულია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება - ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები, კავშირი ჯანსაღ ცხოვრებასა და გარემოს დაცვას შორის. ვფიქრობ, წიგნი საინტერესო იქნება, როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ასევე ძალიან გამოსადეგი იქნება, როგორც ქართულენოვანი ლიტერატურა იმისთვის, რომ აღვზარდოთ მომავალი იურისტები, რომლებმაც კარგად იციან გარემოსდაცვითი საერთაშორისო სამართლის საფუძვლები,“- განაცხადა სახელმძღვანელოს ავტორმა,  თსუ ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.  
 

2015 წლიდან დღემდე, მაია ბითაძე ორჯერ იქნა არჩეული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) - ორჰუსის კონვენციის (კონვენცია გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოს დაცვის სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ) მხარეთა შეხვედრის ბიუროს თავმჯდომარედ და ორჰუსის კონვენციის მხარეთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ. სახელმძღვანელოში „საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალი“ მოცემულია საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ისტორია, ასევე, დეტალური ინფორმაცია გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე საერთაშორისო ინსტიტუტების, ამ სფეროში მიღებული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და მათი აღსრულების მექანიზმების შესახებ.  


 

თარიღი: 02/06/2022