საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ პრეზენტაცია

გამოიცა საქართველოში პირველი „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სამეცნიერო, ასევე, საგანმანათლებლო და, ზოგადად, დარგობრივი პოპულარიზაციისაკენ მიმართული აქტივობების მეშვეობით სოციალურ და პროფესიულ ჯგუფს შორის დიალოგისა და კოოპერაციისათვის საფუძვლის ჩაყრას. მულტიდისციპლინური პერიოდული გამოცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, „ბიგვავა ბატიაშვილის“ იურიდიული ფირმისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით დაარსდა.

 

„ჟურნალი ჩაფიქრებულია როგორც ერთგვარი პლატფორმა, სადაც როგორც იურისტები, ასევე მედიცინის სფეროს მუშაკები წარმოადგენენ აქტიურ ტენდენციებს. იმ ტენდენციებს, რომელიც დამახასიათებელია, როგორც მედიცინის განვითარების, ასევე, სამედიცინო სფეროს რეგულაციების კუთხით. ჟურნალში, რომელიც იქნება ინტერდისციპლინური, აქტიურად ჩავრთავთ პრაქტიკოსებსაც, რათა მეცნიერების სფეროსთვისაც ახლოს იყოს ის გამოწვევები, რომელიც თან ახლავს სამედიცინო პრაქტიკას. ჟურნალის მიზანია აამაღლოს როგორც სამედიცინო სამართლის კვლევის საკითხი, ასევე მაქსიმალურად ხელი შეუწყოს პაციენტების და ექიმების უფლებების დაცვას,“ -განაცხადა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, თსუ პროფესორმა გიორგი ხუბუამ

 

„დღემდე საქართველოში არ არსებობდა ისეთი სამეცნიერო გამოცემა, რომელიც შეძლებდა იურისტების, სამედიცინო საზოგადოებისა და პაციენტების ერთად თავმოყრას, მათი ინტერესების გათვალისწინებას. ეს ჟურნალი ხელს შეუწყობს კანონმდებლობის დახვეწას, რომელიც მორგებული იქნება როგორც პაციენტზე, ასევე ექიმზე,“ - აღნიშნა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ

 

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ ხელს შეუწყობს სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სტატიების შექმნას, კონკრეტულ აქტუალურ სამედიცინო სამართლებრივი ქეისების დამუშავებას, სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალისათვის უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურების კონცეფციის შემუშავებას და ამ მიზნისადმი მიძღვნილ აკადემიურ სტატიათა ციკლის შექმნას.

 

„სამედიცინო სამართალი ყველა განვითარებულ ქვეყანაში უკვე ჩამოყალიბებული დარგია. საქართველოში ახლა ყალიბდება ეს სფერო. სამედიცინო საკითხებში ამ კუთხით ნაკლებია კვლევები. ჟურნალში შესულია სასამართლო პრაქტიკის საკითხები - არა მხოლოდ ეროვნული, არამედ სხვა ქვეყნების სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზიც. ეს კი ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას საქართველოში,“ - განაცხადა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა ნუნუ კვანტალიანმა.  

 

ჟურნალის იურიდიული მიმართულების მთავარი რედაქტორები არიან: პროფესორები გიორგი ხუბუა, თამარ ზარანდია, ნუნუ კვანტალიანი და ასოცირებული  პროფესორი გიორგი რუსიაშვილი.

 

თარიღი: 10/12/2022