საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია მედიცინის ფაკულტეტზე

21 და 22 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით აშშ ჯანმრთელობის საერთაშორისო ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ,,ICREATE: ტრავმატიზმის დარგში კვლევების შესაძლებლობები აღმოსავლეთ ევროპაში’’ ფარგლებში გაიმართა მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია არაგადამდებ დაავადებებში ,,ტრავმატიზმის და ძალადობის პრევენცია-გლობალური პერსპექტივები''. კონფერენცია დისტანციურად, Zoom პლატფორმის საშუალებით ჩატარდა.

 

კონფერენციის გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღეს: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, პროექტის კოორდინატორმა, აიოვას უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა  კორინ პიკ-ასამ, კოორდინატორმა რუმინეთში მადალინა კომანმა და პროექტის კოორდინატორმა საქართველოში, პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ.

 

კონფერენცია წარიმართა ოთხ სესიად, რომელზეც მოხსენებები წარდგენილი იყო პროექტის მონაწილე ქვეყნებიდან (საქართველოდან, სომხეთიდან და მოლდოვეთიდან)  პროექტში ჩართული  ინსტიტუციების (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მოლდოვეთის მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სტუდენტების მიერ. სესიების თემებს წარმოადგენდა ტრავმული დაზიანების პრევენცია, თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები და ძალადობის პრევენცია.  მეოთხე სესიაზე წარდგენილი იქნა  აიოვას უნივერსიტეტის და ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ორგანიზებული SCOPE საზაფხულო სკოლის მონაწილეების მიერ მომზადებული მოხსენებები.

 

კონფერენცია დასრულდა პროექტის კოორდინატორების შემაჯამებელი გამოსვლებით, დაისახა თანამშრომლობის გაგრძელება ერთობლივი კვლევების და მიღებული შედეგების პრაქტიკაში ტრანსლიაციის მიმართულებით.

თარიღი: 24/06/2021