საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში - Vitae Discimus”

30-ზე მეტი მომხსენებელი მსოფლიოს 10 ქვეყნიდან და ოთხი კონტინენტიდან მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა, თსუ ენების ცენტრის დირექტორმა რუსუდან დოლიძემ, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ დოლიძემ, აკადემიკოსმა, თსუ-ს ემერიტუსმა პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა.

საერთაშორისო კონფერენცია „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში - Vitae Discimus”, რომელიც საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილეს მიეძღვნა, კლასიკური ენების სწავლებასთან დაკავშირებულ ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა კლასიკური ენების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, კლასიკური ენების სახელმძღვანელოები, შეფასების, სწავლებისა და სწავლის მეთოდები, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, პანდემიის ზემოქმედება და სხვ. მოხსენებებზე საუბარი იყო კლასიკური ენების იმ სტანდარტებზე, რომლებსაც ევროპასა და აშშ-ში იყენებენ.

კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ ევროკლასიკასა და ამერიკის კლასიკური ლიგის პრეზიდენტები კრისტიან ლაესი და მერი პენდერგრაფტი, კლასიკური ენების ცნობილი ბრიტანული სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი ჯონ ტეილორი, კლასიკური ენებისა და ცივილიზაციის პოპულარიზაციისთვის საგანგებოდ შექმნილი „პაიდეია“ ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ პედიკონე.

კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოში ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერნაციონალიზაციას, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის ქართული სკოლის ცნობადობის ზრდას, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, კლასიკური ენების სწავლების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას.

 

თარიღი: 01/03/2021