საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინოვაციური სადეზინფექციო აპარატი ქართველი მეცნიერებისგან - 2021 წლიდან „თსუ ოზონი“ IICE-20 ოზონის გენერატორების წარმოებას იწყებს

პანდემიის დაწყების პირველ ეტაპზევე, ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები ჩაერთნენ COVID-19-ის გამოწვევებზე საპასუხო აქტივობებში, რათა უკვე არსებული კვლევების ბაზაზე ახალი ტიპის დეზინფექციის  აპარატის შექმნა დაეჩქარებინათ. დღეს ასეთი ოზონის გენერატორის პროტოტიპი უკვე დამზადებულია და პირველი ნაბიჯებიც გადადგმულია მისი წარმოებისა და დანერგვის მიზნით. 

ივანე ჯავახიშვილის სახ. რ.აგლაძის სახ. არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიისინსტიტუტში 2020 წლის მარტში შეიქმნა ინტერლაბორატორიული კვლევითი ტექნიკური ჯგუფი (ხელმძღვანელი - მთ. მეცნიერ-თანამშრომელი ვ.ჩაგელიშვილი). ჯგუფს დაევალა: ოზონის მეშვეობით მიკროორგანიზმებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებულ ინსტიტუტში არსებულ კვლევის შედეგების დანერგვის უზრუნველსაყოფად ახალი ტიპის ოზონის გენერატორის მოდელის შემუშავება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ დეზინფექციისთვის.

ამ სამუშაოს დაწყება შესაძლებელი გახდა საკმაოდ დიდი ისტორიის მქონდე კვლევების საფუძველზე: 

• 1993 წ  მაშინდელი "შავი ჭირის ცენტრთან" თანამშრომლობით დადგენილი იყო ოზონის შესაძლებლობები ინფექციური საავადმყოფოების ჩამდინარე წყლების გაუსნებოვნებისთვის. კვლევები ჩატარდა ინსტიტუტში შემუშავებული და დამზადებული მცირე სიმძლავრის  ოზონის გენერატორის (ოზონატორის) გამოყენებით. შედეგებმა აჩვენეს აბსოლუტური ბაქტერიციდული ეფექტი. შემდეგ  წელს აღნიშნული მეთოდი წარმატებით გამოიცადა პრაქტიკულადაც ტუბდისპანსერში, ქ. თბილისში; 

• 1994 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ ინსტიტუტის მკვლევარების გამოგონებაზე გაცემულია პატენტი, რომლის დაცვის ობიექტია: "პერიტონიტის, პლევრის ემპიემიის და გარეგანი დაინფიცირებული ჭრილობების მკურნალობის ხერხი"; 

• 2004 წელს ინსტიტუტში შემუშავებული და შექმნილი ოზონატორი, შესაბამისი მეთოდიკის თანხლებით, ჩაინერგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის  ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში ინფიცირებული სხეულების და ჭრილობების მკურნალობისთვის.
როგორც ინსტიტუტში აცხადებენ, ინსტიტუტის ჯგუფის მიერ ამჟამად შემუშავდა ოზონის გენერატორისდიზაინი (მოდელი IICE-20), მოხდა მისიპარამეტრების დაზუსტება ლაბორატორიულიგამოცდებით და ოფიციალურად დამტკიცდა შიდასტანდარტის დოკუმენტი ინსტიტუტის ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით. გენერატორის კონსტრუქცია უნივერსალურია, რაც გულისხმობს მის გამოყენებას როგორც წყალში ოზონის დაგეგმილი კონცენტრაციის მისაღებად, ასევე დახურულ სივრცეში ჰაერის და ობიექტების დეზინფექციისათვის. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დამუშავების   პროცესი   მოითხოვს   შესაბამის   დროით რეჟიმს და უსაფრთხოების წესების დაცვას. მეცნიერებმა უკვე მიიღეს შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნა იმის თაობაზე, რომ ოზონის გენერატორი შემუშავებულია ევროკავშირის რეგულაციისა და რეგლამენტის დაცვით. 

თსუ რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის, გია ტატიშვილის გვიყვება, რომ ოზონის სადეზინფექციო საშუალებად გამოყენების მთავარი მიზეზი ოზონის ძლიერი დამჟანგველობაა. როგორც გია ტატიშვილი ამბობს, ოზონი მჟანგველობითი  უნარით 50-ჯერ უფრო ეფექტურია  ქლორთან შედარებით და მისი მოქმედება  3000-ჯერ  უფრო სწრაფად ხდება.

„ოზონის უნიკალური სადეზინფექციო თვისებები გამომდინარეობს იქიდან, რომ მას, როგორც გაზს, აქვს გარემოში მაღალი შეღწევადობის უნარი, როგორიც სითხეებს არ გააჩნია. ოზონის სიმკვრივე მეტია ჰაერისაზე, რაც განაპირობებს იმას, რომ ჰაერში გაფრქვევისას ის გადანაწილდება როგორც ჰორიზონტალურად,  ასევე უპირატესად ზევიდან ქვევით და გროვდება ზედაპირებზე. ის კლავს ერთ და მრავალუჯრედიან მიკრორგანიზმებს: ბაქტერიებს, ვირუსებს, ფუნგებს. დღეისათვის არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები იმასთან დაკავშირებით,  რომ რომელიმე სახის მიკროორგანიზმები მედეგია  ოზონის ზემოქმედების მიმართ,“- გვიხსნის გია ტატიშვილი.

მისი თქმით, დეზინფექციის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ ოზონით დამუშავებას გააჩნია 99% -იანი ეფექტურობა ისეთი პათოგენების დახოცვისას, როგორებიცაა გრიპი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, კორონავირუსი. დიდი ფართობების დეზინფექციისას დამტკიცებულია, რომ ოზონის გაზი კლავს ატიპური პნევმონიის ვირუსს. გია ტატიშვილი ვარაუდობს,რომ ოზონი შესაძლოა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაშიც ეფექტური იყოს. 

„ბევრ სხვადასხვა ქიმიურ ალტერნატივებთან შედარებით, გენერაცია ხდება ადგილზე, სადაც აუცილებელია მხოლოდ ელექტროენერგიის წყაროს არსებობა და არ საჭიროებს არანაირ ხარჯვით მასალას სხვადასხვა ქიმიკატების სახით; სწრაფად იშლება ჟანგბადად და არ ტოვებს კვალს მავნე ნარჩენების სახით, შედეგად არ წარმოქმნის ტოქსიკურ ჰალოგენურ ნაერთებს, განსხვავებით ქლორშემცველი სადიზინფექციო  საშუალებებისგან; მოქმედებს  სწრაფად და სრულად სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით; ეფექტურად რეაგირებს ვირუსების ყველა შტამზე,“- ამბობს გია ტატიშვილი.

თსუ მეცნიერების მიერ შემუშავებული ოზონატორის მოდელი “IICE-20“ 2,5-3-ჯერ იაფია, სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ანალოგიური სიმძლავრის ბრენდულ ოზონატორებთან შედარებით; მისი გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა სიმძლავრეებზე გასვლა; ადვილია გამომუშავებული ოზონის მიწოდების სიჩქარის მართვა სარეაქციო არეში; იგი იძლევა სასურველი კონცენტრაციის ოზონის შემცველი აირის მიღების საშუალებას და რაც ყველაზე მთავარია, გია ტატიშვილის თქმით,ინსტიტუტის ბაზაზე შესაძლებელია ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრა და    ადვილად ემორჩილება შეკეთებას პერიოდული  განახლების მიზნით.

„მსგავსი სამეცნიერო-ტექნიკური დანადგარებით ბაზარი გაჯერებულია, რადგან იგი გლობალური ხასიათისაა. ამიტომ შიდა ბაზარზე უპირატესობის მოპოვებისთვის განისაზღვრა ახალი ინოვაციური პროდუქტი, რომლის არსი მდგომარეობს კოპლექსურობაში და გულისხმობს არა მარტო აგრეგატის, არამედ მასთან ერთად მრავალფეროვანი მომსახურეობის შეთავაზებას. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ოზონი მიჩნეულია სახიფათოდ და  შეზღუდულია მისი პროფესიონალური ზემოქმედება.  შესაბამისად გამოიკვეთა ის მთავარი უპირატესობა, რაც აღნიშნულ პროდუქტს კონკურენტუნარიანს ხდის - ოზონატორისა და მომსახურების მიქს პროდუქციის შეთავაზება  მისი გაყიდვის სპეციფიურ ფორმას წარმოადგენს,“- აღნიშნავს გია ტატიშვილი.

ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თსუ მეცნიერთა მიერ შემუშავებული მოდელი უკვე გახდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ინტერესის საგანი. პირველი დაინტერესების წერილები ინსტიტუტში დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიცენტრიდან უკვე მოვიდა. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაწერით უკვე გამოიყო დაფინანსება (კრედიტი) ოზონის გენერატორების წარმოების დასაწყებად. შედეგად 2021 წელს თსუ რ.აგლაძის სახ. არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ბაზაზე მუშაობას დაიწყებს IICE-20 ოზონის გენერატორების საწარმო "თსუ-ოზონი".

გია ტატიშვილი ამბობს, რომ დანადგარის წარმოება სერიული არ იქნება და წარმადობიდან გამომდინარე, კონკრეტული შეკვეთების მიხედვით დამზადდება. პროდუქციის გაყიდვაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია სხვადასხვა კერძო კომპანიასთან, ასევე, აეროპორტების გაერთიანებასთან, ქუთაისის, ბათუმის, მესტიის, თელავის აეროპორტებთან.

ინსტიტუტის კვლევითი მიღწევების მიხედვით განისაზღვრა გრძელვადიანი გეგმებიც, კერძოდ ოზონის გამოყენების არეალის გაზრდა: ოზონის გამოყენება მედიცინაში, ასევე ოზონური მეთოდი წარმოებებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩამდინარე წყლების გაწმენდა -გაუსნებოვნებისათვის; ოზონი - ზოგიერთი კულტურის თესლების აღმოცენების და ზრდის ინტენსიფიცირების მიზნით; მალეფუჭებადი ხილ-ბოსტნეულის შენახვის ვადის გახანგრძლივება ოზონ-ჰაერის ნაკადით; ოზონის გამოყენება ხელოვნების ნიმუშების (ფრესკები, ნახატები, და სხვ.) სტაბილიზაციის მიზნით და მანგანუმის ნაერთების წარმოებაში.

 

თარიღი: 04/03/2021