საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

II საერთაშორისო კონფერენცია "მეცნიერება, განათლება, ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები  - იდეიდან დანერგვამდე 2023"

23-25 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი ატარებს საერთაშორისო კონფერენციას "მეცნიერება, განათლება, ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები  - იდეიდან დანერგვამდე. 2023“. ღონისძიების მიზანია:  ქიმიური და მომიჯნავე დარგების სამეცნიერო სკოლების წარმომადგენელთა უახლესი ფუნდამენტური და ტექნოლოგიური კვლევების შედეგების და მიღწევების გაზიარება; კვლევების მეთოდოლოგიებისა და გამოცდილების საფუძველზე, შესაძლო ერთობლივი კვლევების დაგეგმვა; საპარტნიორო ურთიერთობების გაღრმავება რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „Horizon Europe“-ის ფარგლებში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის მიზნით; პოტენციური პარტნიორების მოძიება საწარმოო სექტორში და მათი დაინტერესება სამეცნიერო პროექტების დაფინანსების კუთხით.


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ძირითადი თემებია: I. ნანოპროცესები და ნანოტექნოლოგიები; II. სასარგებლო წიაღისეულისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავების ფუნდამენტური და ტექნოლოგიური ასპექტები; III. მწვანე ქიმია; IV. სამეცნიერო ინოვაციების პოპულარიზაცია და კომერციალიზაცია; IV. ენერგეტიკა. 
 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი, ბულგარელი, გერმანელი, იაპონელი, პოლონელი, უკრაინელი, სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგები. ღონისძიების მსვლელობაში აქტიურად იქნებიან ჩართული ადგილობრივი სტუდენტებიც. კონფერენციის ფორმატი ჰიბრიდულია: შესაძლებელია, როგორც პირადად, ასევე, ონლაინ მონაწილეობა. 
 

ინტერდისციპლინური კონფერენციის მუშაობაში უცხოელი და ქართველი მკვლევრების ჩართულობა მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართული მეცნიერების სამეცნიერო კვლევების ცნობადობის გაზრდისათვის, რაც, თავის მხრივ, სამომავლოდ, ერთობლივ პროექტებზე მუშაობის წინაპირობა იქნება.  
 

კონფერენციის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო პროდუქტების (საერთაშორისო კონფერენციის თეზისების/მოხსენებათა კრებულის) ელექტრონული მასალები ინდექსირებული იქნება Google Scholar-ში. რიგი შერჩეული პუბლიკაციები, აზერბაიჯანელი კოლეგების მხარდაჭერით, გამოიცემა SCOPUS-ში ინდექსირებულ ჟურნალში - “Chemical Problems” (ISSN:2221-8688).
 

კონფერენცია "თანამედროვე კვლევები და მათი გამოყენების პერსპექტივები ქიმიაში, ქიმიურ ტექნოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში" 2016 წელს თსუ-სა და ინსტიტუტის ინიციატივით რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დაარსებიდან 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციამ კოლეგების (როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი) დიდი დაინტერესება გამოიწვია და წლევანდელი კონფერენციაც მეცნიერების დიდ სურვილს: მსგავსი სტატუსის მქონე კონფერენცია, კვლავაც ჩატარებულიყო საქართველოში - ეხმიანება.
 

კონფერენციის თანადამფინანსებელია: შპს კაპაროლი (CAPAROL), საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი - ინოსისტემის (InnoSystems), სერვის მენეჯმენტ კომპანია (SMC).
 

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://conference23iice.ge  

 

თარიღი: 21/09/2023