საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

საქართველოში პირველად ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა-პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. ღონისძიება   ქართული ენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ტარდება. 

 

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ციფრული ჰუმანიტარიის განვითარებას, ქართულ ენასთან დაკავშირებული არსებული რესურსების ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან (EOSC) ინტეგრირებასა და ქართული ენის ტექნოლოგიების ეროვნული პლატფორმის შექმნას.

 

ბუნებრივი ენის ციფრული ტექნოლოგიების დაჩქარებულმა  განვითარებამ და მისი მოხმარების გარდაუვალმა აუცილებლობამ უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენა თანამედროვე მსოფლიო 21-ე საუკუნეში. ღია რესურსების პრინციპის დანერგვამ   და საყოველთაო წვდომისა და გამოყენების კონცეფციის რეალიზაციამ თვისობრივად შეცვალა არა მარტო მეცნიერების ფილოსოფია, არამედ საზოგადოების განვითარების მექანიზმიც - ენის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების გარეშე დღეს წარმოუდგენელია სახელმწიფოს სრულფასოვანი ფუნქციონირება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს ინტეგრაცია მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში და ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, შეუფერხებელი მიმოქცევა საერთაშორისო დონეზე დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად არის ქართული ენა აღჭურვილი ციფრული ტექნოლოგიებით.

 

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ქართული ენის განვითარების აუცილებლობასა და ამ საქმეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტრადიციულად ზრუნავს როგორც ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე, ასევე, მის განვითარებაზე.  ქართული ენის   ტექნოლოგიების ერთიანი პლატფორმის შექმნაში აქტიურად არიან ჩართულები თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები. მათ უკვე სრულად მოამზადეს რამდენიმე პროექტი. თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა წარმატებულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.“

 

ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა-დათვალიერება ერთ სივრცეში აერთიანებს ქართული ენისათვის შექმნილ სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კომერციულ რესურსებს, რათა გამოვლინდეს და შეჯამდეს ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების საერთო სურათი და დაისახოს ქართული ენის ტექნოლოგიზაციის ხარისხის ამაღლების პერსპექტივები. 

 

 ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოსთან" თანამშრომლობით.

 

ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა მხარდაჭერილია ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მიერ.

 

 ღონისძიების მონაწილეები არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მომუშავე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუციები და კვლევით ჯგუფები, ისევე როგორც კომერციული სექტორი, რომლებიც ფესტივალის პროგრამის ფარგლებში წარმოადგენენ მათ მიერ ქართული ენისათვის შექმნილ თანამედროვე ტექნოლოგიებს: ციფრული კორპუსებს (ქართული ენის/დიალექტების კორპუსი); ციფრულ ლექსიკონებს (განმარტებითი, მრავალენოვანი, ტერმინოლოგიური, დარგობრივი და ა.შ.); ბუნებრივი ენის დამუშავების ტექნოლოგიებს (ქართული ენის სინთეზისა და ანალიზის პროგრამული საშუალებები); ქართული ენის სხვა ენებზე ავტომატური თარგმანის პროგრამულ საშუალებებს; ქართული ენის ავტომატურ მასწორებელ სისტემებს; ქართული მეტყველების სინთეზატორებსა და ამომცნობ ხელსაწყოებს, ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამულ საშუალებებს; მობილურ აპლიკაციებსა და სხვა ტექნოლოგიებს.   

 

ღონისძიება 8 აპრილს დასრულდება შემაჯამებელი დისკუსიით, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართება. მონაწილეები იმსჯელებენ ქართული ენის ტექნოლოგიების ერთიანი პლატფორმის შექმნისა და ევროპის
ღია მეცნიერების ღრუბელთან (eosc) დაკავშირების პერსპექტივების შესახებ, რაც ქართული ენის ევროპის ერთიან ენობრივ სივრცეში ინტეგრირებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.

 

ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა ევროკომისიასა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის (EOSC) ასოციაციასთან თანამშრომლობით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული ღია მეცნიერების ფორუმის ფარგლებში დაიგეგმა და ქართულენოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო რესურსების ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. 

 

თარიღი: 07/04/2023