საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის სამივე საგამოცდო ცენტრში დასკვნითი გამოცდები სრული დატვირთვით მიმდინარეობს

20 ივნისიდან, 15 ივლისამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 20 ათასამდე სტუდენტი თბილისის, ქუთაისის და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში ჩააბარებს დასკვნით გამოცდებს. საგამოცდო პროცესებს დღეს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი შამათავა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა ფოთოლაშვილი ადგილზე გაეცნენ.

 

ქუთაისისა და ახალციხის დამატებით საგამოცდო ცენტრებში სულ 171 სტუდენტი ჩააბარებს გამოცდებს. გამონაკლისს წარმოადგენს ის 53 სტუდენტი სტუდენტი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან. დასკვნითი გამოცდების ჩაბარება მათ ონლაინ შეუძლიათ.

 

თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც თსუ-ს დამატებითი საგამოცდო ცენტრია განლაგებული. აღნიშნულ ცენტრში 138 სტუდენტი დარეგისტრირდა. „გამოცდებზე სტუდენტების გამოცხადება არის მაღალი. პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მინდა ყველა სტუდენტს წარმატება ვუსურვო, რადგან დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მათთვის, პირველი დღე არის გამოცდის. განსაკუთრებით მინდა წარმატებები ვუსურვო იმ სტუდენტებს, რომლებიც ამთავრებენ  უნივერსიტეტს. ეს არის ჩვენი მეასე გამოშვება და ყველას ვუსურვებ წარმატებებს და  გამოცდების ჩაბარებას ჩვეულებრივ, ნორმალურ, საქმიან გარემოში“,- განაცხადა  გიორგი შარვაშიძემ.
 

თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა საღინაძის თქმით, თბილისის საგამოცდო ცენტრში სტუდენტების დასწრება საკმაოდ მაღალია. „ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის საგამოცდო ცენტრში 3500-მდე სტუდენტს ველოდებით. დღეს მოვინახულეთ თბილისის საგამოცდო ცენტრის აუდიტორიები. დასწრება არის საკმაოდ მაღალი. წარმატებას ვუსურვებ ყველა სტუდენტს“, - აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

 

რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა ფოთოლაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განლაგებულ დამატებით საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდნენ. ახალციხის დამატებით საგამოცდო ცენტრში დასკვნით გამოცდებს 33 სტუდენტი აბარებს.
 

დასწრებით ფორმატში გამოცდების ჩაბარება სიახლეა იმათთვის, ვინც  პანდემიის პერიოდში გახდნენ სტუდენტები. თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტის მარიამ ბრეგვაძის თქმით, სააუდიტორიო ფორმატში გამოცდების ჩატარების გადაწყვეტილება დროული იყო. „პირველ სემესტრში უფრო მარტივი იყო ჩემთვის გამოცდების დაწერა, რადგან ნაცნობ სიტუაციაში ვიყავი და სახლში ვწერდი. რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ, ვფიქრობ, საბოლოოდ მაინც დაგვჭირდებოდა ადაპტაცია და როდესღაც უნდა დაგვეწყო ეს პროცესი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ნორმალური იყო ეს არჩევანი“ - აღნიშნა მან.
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდები 20 ივნისიდან 15 ივლისამდე, დამატებითი გამოცდები კი 22-დან 29 ივლისამდე ჩატარდება. 

თარიღი: 20/06/2022