განათლების სხვადასხვა საფეხურზე საქართველოში მიმდინარე ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და გამოწვევებზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული კონფერენცია "ინკლუზიური განათლება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები - 2023" გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო სტრუქტურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე რელევანტური სამეცნიერო კვლევების შედეგები წარმოადგინეს მკვლევრებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. კონფერენცია ერაზმუს+ პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის კოორდინაციით ხორციელდება.
როგორც თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, კონფერენცია არის შემაჯამებელი ღონისძიება იმ აქტივობებისა, რომელიც პროექტის განმავლობაში განხორციელდა. მისი მონაწილეები დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს, რაც დაგვეხმარება ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვაში განათლების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის, სკოლებში. „ეს არის ნაბიჯი, რომელიც მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, უკვე მომზადებული შეხვდეს იმ გამოწვევებს, რაც მათ სკოლაში ელოდებათ“, - განაცხადა თამარ გაგოშიძემ.
კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა განათლების სახელმწიფო პოლიტიკა, განხორციელებული რეფორმები და ინოვაციები; ინკლუზიური პროფესიული განათლება; სოციალური მუშაკის როლი ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სისტემაში, USAID საბაზისო განათლების პროგრამა-მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემა (MTSS); სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა საბაზო საფეხურზე და სხვა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორის, CISI პროექტის ხელმძღვანელის თამარ მახარაძის ინფორმაციით, ღონისძიება ყოველწლიურ სახეს მიიღებს. კონფერენცია საშუალებას მისცემს პროცესში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს - მკვლევრებს, მასწავლებლებს, დამსაქმებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს იმსჯელონ ინკლუზიური განათლების აქტუალურ საკითხებზე და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომით, ხელი შეუწყონ ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ზოგადად, ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას.
კონფერენცია ერაზმუს+ პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი 2019-2023 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის კოორდინაციით, ხორციელდება.