თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა სასწავლო ჟურნალის - „გზავნილი ხარაგაულიდან“ - პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა.
სტუდენტებმა თითქმის მთელი მუნიციპალიტეტი შემოიარეს, გაეცნენ ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებას, პრობლემებს, შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს და პროექტის „გზავნილი“ ფარგლებში ჟურნალი „გზავნილი ხარაგაულიდან“ შექმნეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროექტის მონაწილეებსა და ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი ემსახურებიან საქმეს, რომელიც ჟურნალისტებს საქმესა და სამშობლოს აყვარებს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე ხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წლის განმავლობაში ერთი ნომრის მომზადებას ერთ კონკრეტულ რაიონზე. დღევანდელი პრეზენტაცია შეეხებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს , რომელიც ასახავს ვითარებას რეგიონში არსებულ ისტორიულ, კულტურულ საკითხებსა და ტრადიციებზე. ასევე, გვხვდება სტატიები ადგილობრივ მოსახლეობაზე. მომავალი ჟურნალისტებისთვის ეს არის კარგი მაგალითი, რომ პრაქტიკაში შეისწავლონ საკუთარი საქმე“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
წლების განმავლობაში სტუდენტები იმყოფებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და უკვე 30 ჟურნალისტური პროდუქცია შექმნეს. თსუ ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის თქმით: „ ჟურნალი 2013 წლიდან გამოდის და საგნის „ბეჭუდური მედია“ ფარგლებში მზადდება. პროექტის ფარგლებში სტუდენტები გადიან რეგიონებში, რაიონებში და თვითონ მართავენ პროცესს. თავად ეძებენ მასალებს, პოულობენ წყაროებს, არჩევენ მთავარ და მეორეხარისხოვან ინფორმაციას, რომელიც შეეხება კულტურას, არსებულ პრობლემებს, ტრადიციებს. წელს ინტერაქციული ჟურნალი გავაკეთეთ, დავურთეთ QR კოდები, რომლის საშუალებითაც ნახავთ ხარაგაულის შესახებ სიუჟეტებს, ისტორიულ მასალებს, მუსიკალურ ნომრებსა და სხვა“.
ღონისძიებაზე ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების ავტორი სტუდენტები და პროექტის მხარდამჭერი პირები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. სტუდენტებმა ისაუბრეს ჟურნალების შექმნის პროცესზე, მიღებულ გამოცდილებაზე, სირთულეებსა და იმ მთავარ გზავნილებზე, რომლებიც ხარაგაულის ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. პრეზენტაციაზე ხარაგაულში გადაღებული ფოტოების გამოფენა გაიმართა და რეგიონებში მუშაობის ამსახველი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ჟურნალის რესპონდენტები ხარაგაულიდან, პროფესორები, სტუდენტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. „გზავნილი“ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა სასწავლო ჟურნალია. ის უკვე 10 წელია არსებობს და, 2013 წელს დაწყებული სასწავლო პროექტის ფარგლებში, ემსახურება სტუდენტების პრაქტიკულ დაოსტატებას. „გზავნილის ფარგლებში“ თსუ-ის სტუდენტებს უკვე მომზადებული და გამოცემული აქვთ 30 ჟურნალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. პროექტის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე, ასისტენტი - თსუ მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტი ლიანა მარქარიანი.