თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური სასწავლო ჟურნალის „თაობის გზავნილი“ სპეციალური ნომრისა და გამოფენა „თაობის“ პრეზენტაცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.
თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა ის წვლილი, რომელიც პროექტში მონაწილე სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა შეიტანეს ივანე ჯავახიშვილის, როგორც მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის საქმის დაფასებაში.
ჟურნალი მომზადდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, ბეჭდური მედიის, ტელემედიისა და მობილური ჟურნალისტიკის სასწავლო კურსების ფარგლებში.
სპეციალურ ნომერში მიმოხილულია ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, წარმოდგენილია ინტერვიუები თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებთან.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა ფოტოგამოფენა, რომელიც აერთიანებს თსუ-ის კურსდამთავრებულთა თაობების, უნივერსიტეტის სტუდენტი შშმ პირებისა და ეთნიკური და ეროვნული ჯგუფების გზავნილებს.