საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები.

 

მისასალმებელ სიტყვაში თსუ რექტორმა ქვეყნის განვითარებაში ეკონომიკური მეცნიერების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნებისმიერ საქმეში აუცილებელია მოვუსმინოთ მეცნიერებს, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებს. პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტას შორის დიალოგის გარეშე ქვეყანის განვითარება შეფერხდება. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ როგორც გეოპოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური კუთხით. თანამედროვე გამოწვევებმა შეიძლება შეცვალოს რეგიონის ეკონომიკური სურათი. დიდი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ მზად დავუხვდეთ სირთულეებს.“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

კონფერენციას მსოფლიო ეკონომიკური სიტუაციის საინტერესო მიმოხილვით ჩაერთო კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ საპატიო დოქტორი ჯეფრი დევიდ საქსი. მან აქცენტი ძირითად მაკროეკონომიკურ მონაცემებზე გააკეთა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მსოფლიო ბაზარზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ეკონომიკურ დომინირებაზე, არსებული ტენდენციების ცვლილებებზე, საქართველოს, როგორც პატარა, ამასთან, მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ არეალში მყოფი ქვეყნის როლზე და ადგილზე გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე.

 

კონფერენციაზე 12 სამეცნიერო თემატური სექცია იმუშავებს: ეკონომეტრიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, საერთაშორისო ბიზნესი და სხვა.

თარიღი: 07/11/2025