11 მარტს, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე თსუ-ს ასოცირებული პროფესორის დავით მაზიაშვილის ახალი ორენოვანი მონოგრაფიის „სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა - დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში“ წარდგენა გაიმართა.
მსმენელითა და მაყურებლით სავსე დარბაზში ჩაიარა გამორჩეული ფორმით წარმოდგენილმა 45 წუთიანმა პრეზენტაციამ - “Word as Music and Movement: Celebrating Western Literature with Georgian Contemporary Ballet”, რომელმაც გააერთიანა წიგნის ავტორის, პროფესორ დავით მაზიაშვილისა და მისი უახლესი ნაშრომის წარდგენა, გამომცემელსა და ავტორს შორის საუბარი და ქორეოგრაფიული წარმოდგენა.
პროფესორ დავით მაზიაშვილის მონოგრაფიაში „სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა“ შესწავლილი და გააზრებულია თანამედროვე ბალეტის ქართველი ქალი ქორეოგრაფის, მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში თანამედროვე ქორეოგრაფიით გარდასახული დიდი ლიტერატურული ტექსტები. ნაშრომში მრავალმხრივ და კომპლექსურად გამოკვლეულია დიდი ევროპელი მწერლებისა და მოაზროვნეების: ევრიპიდეს, ოვიდიუსის, ბოეთიუსის, დანტეს, შექსპირის, ჯეიმზ ჯოისის და ქართველი პოეტი ქალის, მარიჯანის შემოქმედების რეცეფცია-ადაპტაციის და ინტერპრეტაციის საკითხები მარიამ ალექსიძის 2016 - 2024 წლების თანამედროვე ქართულ საბალეტო და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებში.
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილი ღონისძიება დასრულდა გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტის” სამხატვრო ხელმძღვანელის, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ სპეციალურად შექმნილი ქორეოგრაფიული წარმოდგენით, რომელშიც გაერთიანებული იყო ფრაგმენტები იმ თანამედროვე ბალეტებიდან, რაც ასახულია პროფესორ დავით მაზიაშვილის მონოგრაფიაში „სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა - დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში“.
მონოგრაფიის რედაქტორი - აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი. რეცენზენტები: თსუ-ს პროფესორი მანანა გელაშვილი; თსუ-ს ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ბრეგაძე, გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“.
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე პრეზენტაცია შედგა საქართველოს ეროვნული სტენდის ღონისძიებების ფარგლებში.