საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„იაპონური კულტურის დღე“ თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ „იაპონური კულტურის დღეს“ თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აკირა იმამურა, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები, სტუდენტები, იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე  თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის იაპონისტიკის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. თსუ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ძირითადი სპეციალობად იაპონისტიკა აირჩიონ.

 

„ის რაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება, არის იაპონიის კულტურის დღეების ზეიმი. გამოფენილია ფოტოები, ნახატები, საინტერესო ნამუშევრები, ჩვენი სტუდენტები ასრულებენ სიმღერებს იაპონურ ენაზე“,- აღნიშნა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობს, ქართულ-იაპონური ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. „ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ტოკიოს უნივერსიტეტთან, რომელთანაც გავაფორმებთ მემორანდუმს, ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და იაპონიას შორის სამეცნიერო და სასწავლო მიმართულებით დაახლოებისთვის“, - აღნიშნა რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

ღონისძიებაზე საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა, აკირა იმამურამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „საქართველო-იაპონიის ურთიერთობები“. მან ისაუბრა თსუ-ში იაპონისტიკის სასწავლო პროგრამის შექმნასა და ამ პროგრამაზე სტუდენტების სწავლების წახალისებაზე. „იმედი მაქვს, ეს ხელს შეუწყობს იაპონური კულტურის უკეთესად გაცნობას, იაპონიის ისტორიის, ენის შესწავლას და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა ელჩმა.

 

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პირველი, სადაც იაპონისტიკა ძირითადი დარგის სახით ჩამოყალიბდა და სტუდენტებს საშუალება აქვთ გახდნენ კვალიფიციური იაპონისტები. იაპონისტიკის სასწავლო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და სტუდენტები გაზაფხულის სემესტრიდან მიიღო.

 

 „დღეს ძალიან აქტუალურია იაპონური ენის, კულტურის, ისტორიის შესწავლა. იაპონიის საელჩო საქართველოში დიდ მზრუნველობას იჩენს უნივერსიტეტის მიმართ. ამის დასტურია თსუ-ში იაპონიის კაბინეტის გახსნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სამეცნიერო ლიტერატურით, ალბომებით. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სტიმულის მიმცემია ჩვენი სტუდენტებისთვის, ეს არის საელჩოს მიერ ჩატარებული ტესტირება-გამოცდები, რომელშიც გამარჯვებულები იაპონური მხარის სრული დაფინანსებით იაპონიაში გადიან გრძელვადიან სტაჟირებას. სიამაყით აღვნიშნავ, რომ უკვე არაერთმა ჩვენმა სტუდენტმა გაიარა სტაჟირება იაპონიაში”,- აღნიშნა თსუ იაპონისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა გელაშვილმა.

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ორიგამის და კალიგრაფიის ხელოვნება, იაპონური საბრძოლო ხელოვნება -კენდოს საჩვენებელი ნომერი, გო-ს ტურნირი, სიმღერები იაპონურ ენაზე.  ასევე, გამოიფინა თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდში დაცული იაპონური ტრადიციული ფერწერის ნიმუშები და გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ იაპონურიდან ქართულად თარგმნილი ლიტერატურა.

თარიღი: 16/05/2023