საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო კონფერენცია „ემიგრაცია და ლიტერატურული დისკურსი“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ემიგრაცია და ლიტერატურული დისკურსი“ მონაწილეებს მიესალმა და იმ მნიშვნლობაზე ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა პერიოდის ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს მიუძღვით საქართველოს წინაშე. კონფერენციაზე, რომელიც თსუ ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა, ასზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს.

 

„ემიგრაცია ძალიან სენსიტიური თემაა, ბევრი ასპექტისგან შედგება. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია გასაბჭოების შემდგომ უცხოეთში წასული ემიგრანტების შემოქმედების შესწავლა. სწორედ ემიგრაციაში ჩამოყალიბდა სერიოზული ლიტერატურული კრიტიკა, მათ შორის, საინტერესო იყო იმდროინდელი საბჭოთა ლიტერატურის გარჩევა; ემიგრაციაში გამოცემულ ქართულ გაზეთში იბეჭდებოდა პოეზიის ნიმუშები, მათ შორის, სატირული ლექსები,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ და განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ გამოიცემა რამდენიმე ტომისგან შემდგარი ანთოლოგია,რომელშიც ქართველ ემიგრანტთა პუბლიკაციები მოიყრის თავს.

 

ქართული ემიგრაციის წარმომადგენელთა შემოქმედების უფრო ფართო შესწავლაზე გააკეთა აქცენტი მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ. მისი თქმით, ქართული ემიგრაციის ინტელექტუალური მემკვიდრეობის გათვითცნობიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნიის როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

 

კონფერენცია, რომელიც თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარეობს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილი პროექტის „ქართული ემიგრაციის ლიტერატურული მემკვიდრეობა ევროპაში: მსოფლმხედველობა და კულტუტული იდენტობა (1920-1930-იანი წლები)“ ფარგლებში მიმდინარეობს.

 

„ემიგრანტული ლიტერატურის საფუძვლიანად შესწავლა მნიშვნელოვანია ქართული მწერლობის სრულყოფილი რუკის შესაქმნელად. მნიშვნელოვანია მათი შემოქმედების როგორც ენობრივი პლასტის, ასევე, კონტექსტის შესწავლა. ამაში კი ლიტერატორ-ლინგვისტებთან ერთად ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგების ჩართვა აუცილებელია,“- აღნიშნა თსუ ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ირმა რატიანმა.

 

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს სექციები: 1920–30-იანი წლების ქართველი ემიგრანტების ლიტერატურული მემკვიდრეობა – ისტორიული და თეორიული ანალიზი; ენისა და იდენტობის პრობლემები ემიგრანტი მწერლების შემოქმედებაში; მე-20 საუკუნის ქართული ემიგრაციის არქივები; 1920-30-იანი წლების ქართული ემიგრაციის კულტურული გარემო (ლიტერატურა, ფილოსოფია, ფერწერა, მუსიკა და სხვ.); კავკასიური ემიგრაცია ევროპაში 1920-30-იან წლებში; ემიგრანტი მწერლები და კულტურულ-ლიტერატურული კავშირები სხვადასხვა ეპოქათა კონტექსტში (მათ შორის, თანამედროვე); მიხაკო წერეთლის მოღვაწეობა ემიგრაციაში; შინაგანი ემიგრაცია.

 

ღონისძიების ფარგლებში, თსუ მუზეუმში გაიმართა ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის მიხაკო წერეთლისადმი მიძღვნილი გამოფენა „შუამდინარული პარადიგმა“, რომელზეც გიორგი გუგუშვილის, ქეთი მატაბელის და ლუკა გუგუშვილის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

 

თარიღი: 29/09/2025