საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ თსუ-სა და საქსტატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც უნივერსიტეტის  სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას, საქსტატში პრაქტიკის/სტაჟირების გავლასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

 

 „აღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერა პროდუქტიული  თანამშრომლობის დასაწყისია, ვინაიდან საქსტატი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი როგორც კვლევის, ასევე  დასაქმების მიმართულებით. ამ თანამშრომლობით ჩვენი სტუდენტებისთვის დიდი პერსპექტივები იშლება. ვფიქრობ, ჩვენი სტუდენტები ჩაერთვებიან მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახორციელებს. ამ პროექტში მონაწილეობა ჩვენი სოციოლოგიის, ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისთვის  საინტერესო იქნება კვლევის თვალსაზრისითაც. მათ ეს ინფორმაცია შეუძლიათ გახადონ  მომავალი კვლევის საწყისად“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

ურთიერთშეთანხმების მიზანია მხარეებმა ხელი  შეუწყონ სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას; პრაქტიკული გამოცდილების მიღებას; საქსტატში პრაქტიკის/სტაჟირების გავლას; უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ  პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განმტკიცებას; სტუდენტებისათვის დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცებას და შესაბამისი  უნარების განვითარებას.

 

 „ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტთან და ამ მემორანდუმით, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება სტუდენტების სასწავლო პრაქტიკისა და დასაქმების მიმართულებით. ამ ეტაპზე, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 950-მდე ადამიანის დასაქმება არის დაგეგმილი. უნივერსიტეტის სტუდენტებს გაქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ამ მოქნილ სამუშაო გრაფიკზე დაფუძნებულ სამუშაოს შესრულებაში. ჩვენ გამარტივებული წესით შევარჩევთ თქვენ სტუდენტებს, დავატრენინგებთ და შევთავაზებთ შესაბამის სამუშაოს“- განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

 

მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტი გამოხატავს მზადყოფნას ხელი შეუწყოს საქსტატის მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა მონაწილეობას.

თარიღი: 05/10/2023