საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ციფრული ჰუმანიტარიის სამეცნიერო ფესტივალი „საკვანძო სიტყვა“

ციფრული ჰუმანიტარიის სამეცნიერო ფესტივალი „საკვანძო სიტყვა“ მასშტაბური სამეცნიერო ღონისძიებაა, რომელსაც „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის“ სამეცნიერო ჯგუფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით ატარებს.

ფესტივალის ფარგლებში უკვე გაიმართა არაერთი ღონისძიება: მოეწყო  ენობრივი აქტივიზმის ონლაინკამპანია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, თბილისის წიგნის ბაზრობაზე ჩატარდა დიალექტური კორპუსის შეხვედრა ფართო მკითხველთან, მარინა ბერიძის საჯარო ლექცია და დიალექტური კორპუსის ტექსტების კითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა- - მწერლებმა, რედაქტორებმა, მთამსვლელებმა, მთარგმნელებმა,  მეცნიერებმა, მოსწავლეებმა.

სტუდენტებისთვის ჩატარდა სამუშაო სემინარი: ენობრივი აქტივიზმი და ენობრივი მემკვიდრეობა.

სემინარის მონაწილეებმა იმუშავეს  ქართულ ენობრივ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ  არაერთ აქტუალური საკითხზე, როგორიცაა  ქართული ენის დიალექტების ისტორიული ეთნოგეოგრაფიული საზღვრები, მიგრაცია და ენა; მე-20 საუკუნის მიგრაციები და ქართული ენობრივი სივრცის ახალი რუკა, დოკუმენტური ლინგვისტიკა პრაქტიკაში, საფრთხეში მყოფი ენები საქართველოში, ენათა დოკუმენტირება,  საველე მუშაობის ეთიკა; მეტყველების დოკუმენტირების ეტაპები.  პრაქტიკული სამუშაოს ფარგლებში გაიმართა იმიტირებული ექსპედიცია და შეხვედრა ფერეიდნელ ენობრივ აქტივისტებთან.

25 მაისს კორპუსი მხატვრულ ლიტერატურას შეხვდა, ღონისძიება დიალექტური კორპუსის ტექსტების ლიტერატურულ რეპრეზენტაციას ეძღვნებოდა, გაიმართა საჯარო ლექცია სახელწოდებით „ქდკ - ტექსტი, კონტექსტი, მეხსიერება“. პარალელურად შედგა ლიტერატურული სახელოსნო - მარათონი „საკვანძო სიტყვა“, რომლის ფარგლებშიც კონკურსატებმა დიალექტური მასალიდან მიცემული დავალების მიხედვით ლიტერატურული ტექსტების შექმნა სცადეს.

4  ივნისს ფესტივალის დასკვნითი დღეა, რომელიც შეაჯამებს ჩატარებულ ღონისძიებებს და თავს მოუყრის მათ მონაწილეებს. ღონისძიება გაიხსნება თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალური კორპუსის ფოიეში, რომლის სივრცეებშიც წარმოდგენილი იქნება წიგნების სტენდი („საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი“), ხელნაწერი დიალექტური ტექსტების გამოფენა და ვიდეო-აუდიოზონა „დიალექტები, როგორც მუსიკა“. იქვე მოეწყობა საბავშვო ღონისძიებათა ბლოკი, რომელიც მოიცავს „ნაცარქექიას დიალექტური ვერსიების“ კითხვას ზღაპრის საათის ფარგლებში, შემოქმედებით სახელოსნოს (ლექსიკონის სიტყვების ხატვა, მნიშვნელობების გამოცნობა და დიალექტების რუკის გაფერადება) და დასკვნით შეჯამებას სამახსოვო „სიტყვების ბარათების“ დარიგებით. პარალელურად, ანთიმოზ ივერიელის დარბაზში  ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც დაიწყება მოსწავლეებისა და სტუდენტების პრეზენტაციებით ენობრივი აქტივიზმის შესახებ, გაგრძელდება მცირე საჯარო ლექციით თემაზე „ენის კორპუსი - კითხვის ახალი წესი“, და დასრულდება ლიტერატურული საათით, რომელიც ლიტერატურული სახელოსნოს შედეგებს შეაჯამებს.  ღონისძიების მხარდამჭერები არიან შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და თსუ ბიბლიოთეკა.

თარიღი: 02/06/2026