როგორც მოგეხსენებათ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,არდი“- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში თსუ თანამშრომლები (და მათი ოჯახის წევრები) 2023 წლის პირველი თებერვლიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით.
მიმდინარე წლის ივლისში კომპანიამ მიმართა თსუ ადმინისტრაციას ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით:
,,მომსახურების 6 თვის განმავლობაში დაფიქსირებული იქნა განსაკუთრებით მაღალი მომართვიანობა (სიხშირე), რომელიც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება დასაშვებ სტატისტიკურ ალბათობას. აღნიშნულმა გამოიწვია პორტფელის მკვეთრად ნეგატიური დინამიკა, რომელიც აქტუალური მოდელირების დახმარებით კიდევ უფრო უარყოფითი პროგნოზს გვიჩვენებს მომავალი თვეების ჭრილში. მოცემული ცხადყოფს, რომ გარდაუვალია პროექტის მიმდინარეობის გაგრძელება, რისკის დაბალანსების ცვლილების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი დიდი სურვილის და მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას ორმხრივად მისაღებ და კონტრაქტის მომსახურების გაგრძელებისათვის უკიდურესად აუცილებელ მინიმალურ ცვლილებებზე ... მოხდება კორპორაციული ხელშეკრულება #MED 01/02/2022 – 58-ის შეწყვეტა.
იმედს ვიტოვებთ, ერთად დავძლევთ ამ საპასუხისმგებლო ეტაპს და ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება წარმატებით და გრძელვადიანად, ორივე მხარის ინტერესების მაქსიმალური დაცვით“.
ვინაიდან ახალი ტენდერის გამოცხადებას და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას სჭირდება გარკვეული პერიოდი, იმისთვის, რომ თსუ თანამშრომლები არ დარჩნენ ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე, თსუ ადმინისტრაციასა და სადაზღვევო კომპანიას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეები შეეცადნენ შექმნილი სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავლის მოძიებას და შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე (იხ. დანართი).
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შეთანხმების პირობებს და გაითვალისწინოთ სადაზღვევო სერვისებით სარგებლობისას. იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეულთა უმრავლესობისთვის მიუღებელი იქნება მომსახურების ახალი პირობები, უნივერსიტეტი იმსჯელებს სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.