საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა "1+4" პროგრამის სტუდენტებთან თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართულ ენაში  მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამაზე 540 სტუდენტი ისწავლის. „1+4“ პროგრამის სტუდენტებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და პროგრამის ხელმძღვანელი შეხვდნენ, სწავლის დაწყება მიულოცეს და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

 „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის ძალიან წარმატებული უნივერსიტეტში, აქ მუშაობენ პროფესიონალები, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი მიზნების მიღწევაში. უნივერსიტეტში სწავლა არის რთული, თქვენგან მოითხოვს ბევრ შრომას, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ ამ სირთულეების, თქვენ ხართ ახალგაზრდები და შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულე გადალახოთ“,- მიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა სტუდენტებს. 

 

ქართულ ენაში  მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ ინგა სანიკიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც და სახელმწიფოც გვერდით უდგას საქართველოში დაბადებულ, საქართველოში გაზრდილ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომელთაც უდიდესი როლი აქვთ ამ ქვეყნის მშენებლობაში. „წარმოუდგენელია იცხოვრო სახელმწიფოში, იყო ამ ქვეყნის მოქალაქე და არ ფლობდე სახელმწიფო ენას. ეს არის  ბარიერი, რომელიც დღემდე რჩება დაუძლეველ ბარიერად. ამიტომ, თქვენ გიყურებთ როგორც ახალ თაობას, რომელიც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება სამომავლო საქმეს, ისწავლის ქართულ ენას, რომ იყოს ნამდვილი მსახური ამ ქვეყნის და მომავალ გზაზე იაროს წარმატებით. ქართული ენის სწავლა იქნება თქვენი წარმატების საწინდარი, ეს იქნება კარგი არამხოლოდ თქვენთვის, არამედ ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ინგა სანიკიძემ.

 

2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით. გამარტივებული სისტემა, ე.წ. „1+4“ პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.
 

ქართული ენის შესწავლის გარდა, არაქართულენოვანი სტუდენტები „1+4“ პროგრამის ფარგლებში, ინტეგრირდებიან ქართულენოვან სტუდენტურ საზოგადოებაში, ეუფლებიან ამა თუ იმ პროფესიას და საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად ყალიბდებიან.

თარიღი: 02/10/2023