ალბათ გაინტერესებთ, თუ როგორ შეიძლება აღმოსავლეთის კულტურითა და ისტორიით აღფრთოვანებული ადამიანი საბოლოოდ შუა საუკუნეების ქრისტიანული ფილოლოგიის მკვლევარი გახდეს. ან რამ შეიძლება დატოვოს დაუვიწყარი შთაბეჭდილება გერმანელ ქართველოლოგზე მისი საქართველოში ყოფნისას? ან რატომ არის პროფესიით „კაიფი“ შემოსავალზე უფრო მნიშვნელოვანი?
ამ ყველაფრის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ნათია დუნდუას ნაამბობიდან შეიტყობთ, რომელიც ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (უძღვება პროფესორ დარეჯან თვალთვაძის ქართული პალეოგრაფიისა და ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის ლექციების სემინარებს) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ძველი ქართული ენის ლექცია-სემინარები) კითხულობს. ამავე დროს კი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარია.
ყველაფერი კი ძალზე მარტივად დაიწყო..
ჭრელაჭრულა აღმოსავლეთიდან შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიამდე
– პირველ სკოლაში ვსწავლობდი, სადაც მე-3 კლასიდან სპარსულის გაკვეთილები გვიტარდებოდა. მამაჩემი ირანისტი იყო და ეს სასიამოვნო დამთხვევა ღმერთისგან გამოგზავნილ საჩუქრად მივიღე. მე-7 კლასში ირანში წაგვიყვანეს სამოგზაუროდ, ჭრელაჭრულა აღმოსავლეთმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და გადავწყვიტე, ამ მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. 2008 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2008 წელს, როდესაც მაგისტრატურაში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, ირანისტიკის მიმართულებით ჯგუფი არ შედგა და კვლავ ღმერთმა გამომიგზავნა ანა ხარანაული, რომელმაც სწორედ მაშინ შექმნა სამაგისტრო პროგრამა „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია“. მის ფარგლებში გვასწავლეს ძველი ქართული, ძველი ბერძნული, ძველი სომხური, ბიბლიის ტექსტოლოგია, პალეოგრაფია-კოდიკოლოგია და ბევრი სხვა რამ, რაც აუცილებელია ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის.
– საქართველოში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, 2010 წელს, DAAD-ის სტიპენდიით გავემგზავრე გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტში პროფ. იოსტ გიპერტთან. პროგრამის დამთავრებისთანავე იქვე 4-წლიან პროექტში დავიწყე მუშაობა ქართული სახარების პარალელური კორპუსის მომზადებაზე, რაც გულისხმობდა ქართული სახარების ყველა მნიშვნელოვანი ხელნაწერის ერთმანეთის ქვეშ განთავსებას Titus-ის ერთიან ბაზაში (https://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/nt/ntkpl/ntkpl.htm).
პროექტის დასრულების შემდეგ სადოქტორო თემაზე მუშაობა ნათიამ გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტში გააგრძელა და 2018 წელს დავიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ტობის წიგნის ქართული თარგმანი (წარმომავლობა, თარგმანის ტექნიკა)”.
„ტობის წიგნი ძველი აღთქმის შემადგენელი ტექსტია, რომელიც ებრაულ კანონში არ შესულა და ამიტომ ე.წ. აპოკრიფულ წიგნადაც მოიხსენიებენ, თუმცა, როგორც ბერძნული, ისე ქართული ეკლესიის მიერ კანონიკურ ტექსტადაა აღიარებული.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტობის წიგნის ძველი ქართული თარგმანი მომდინარეობს ბერძნულის ე.წ. მესამე ტექსტუალური ტიპიდან, რომელიც სულ რამდენიმე ხელნაწერითაა შემორჩენილი ბერძნულ და სირიულ ენებზე და ისიც – ნაკლული, ქართულს კი სრულად აქვს შემონახული ეს ტექსტუალური ფორმა, რაც დიდ მნიშვნელობას სძენს მას არა მხოლოდ ქართული, არამედ ბერძნული და სირიული თავდაპირველი ტექსტების აღდგენაში. 2019 წელს დავბრუნდი საქართველოში, თუმცა, მას შემდეგაც მიწევს წელიწადში რამდენჯერმე საზღვარგარეთ საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სხვა პროგრამებში მონაწილეობის მიღება. განსაკუთრებით სასიამოვნოა ეკლესიასტეს ქართულ თარგმანთან დაკავშირებული ორი ფაქტი: პირველი, როდესაც 2012 წელს ეკლესიასტეს ბერძნული ტექსტის გამომცემელმა პიტერ ჯენტრიმ მომმართა თხოვნით, ქართული თარგმანი შემედარებინა ბერძნული წყაროებისთვის. შედარებამ გვიჩვენა, რომ ეკლესიასტეს ქართული თარგმანი შესრულებულია ბერძნულიდან და მისი დედანი უნდა მომდინარეობდეს ეგვიპტური ტექსტუალური ტრადიციის ადრეული ჯგუფიდან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ქართულ თარგმანს ეკლესიასტეს ბერძნული ტექსტის ისტორიისთვის. შედეგად, 2019 წელს გიოტინგენის სეპტუაგინტას გამოცემისა და კვლევის კომისიის მიერ გამოქვეყნდა XI,2 ტომი – ეკლესიასტეს ტექსტის კრიტიკული გამოცემა, რომელშიც სეპტუაგინტას გამოცემებს შორის პირველად კრიტიკულ აპარატში შევიდა ქართული მასალაც. მეორე კი, როდესაც 2023 წელს გავიმარჯვე ევროკავშირის კონკურსში „Support to Georgia’s Researchers’ Mobility“, რომელიც საქართველოში DAAD-ის ხელშეწყობით ხორციელდებოდა, რომლის ფარგლებშიც 3 თვე ვიმუშავე ჰელსინკის უნივერსიტეტში პროექტზე „The electronic synoptic edition of the Georgian translation of Ecclesiastes“, - განმარტავს ნათია.
გერმანელი ქართველოლოგი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და ქართველი პედაგოგები
– სულ ვიმეორებ, რომ ბედნიერი ვარ, რადგან ცხოვრების ყველა ეტაპზე განგება არაჩვეულებრივ მასწავლებლებს მიგზავნიდა. იმ დონის სპეციალისტები, რომლებიც მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლიდნენ, იქნებოდა ეს ბაკალავრიატის თუ მაგისტრატურის საფეხურები, საზღვარგარეთ იშვიათად თუ შემხვედრიან. თუმცა, რასაკვირველია, უცხოეთშიც ბევრ საინტერესო პროფესორთან მომიწია ურთიერთობა, მათგან უძვირფასესია მოგონება გერმანელ ქართველოლოგ ბატონ ვინფრიდ ბოედერთან დაკავშირებით, რომელმაც როდესაც გაიგო, რომ გერმანიაში ვცხოვრობდი, მაშინვე ოლდენბურგში, თავის არაჩვეულებრივ, ქართული თუ სხვაენოვანი წიგნებით სავსე სახლში, სადაც მეუღლესთან, ქალბატონ დორისთან, ერთად ცხოვრობდა, დამპატიჟა შემდეგი ტექსტით: „იმედი მაქვს, ოდესმე გვინახულებთ ოლდენბურგში: უფრო ადვილი გზაა, ვიდრე, მაგალითად, თბილისიდან მესტიამდე.“ ბოედერებთან ყოველი სტუმრობა დაუვიწყარია. მათთან ბოლო ვიზიტისას, აი, რა მიამბო ბატონმა ვინფრიდმა: „1974 წელს გრემის ეკლესიაში ნანახი სურათი დღემდე არ მავიწყდება: ავედი კლდეზე, შევაღე ეკლესიის კარი და დავინახე მცველი, რომელიც იჯდა და რას კითხულობდა?! არც მეტი, არც ნაკლები – ქართლის ცხოვრებას! წარმოგიდგენიათ? ასეთ რამეს დღეს, ალბათ, ვეღარსად ნახავთ… ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო!“
ამჟამად ნათია თავისი დისერტაციის წიგნად გამოცემაზე მუშაობს. გარდა ამისა, ჩართულია მრავალ პროექტში, რომელთა შორის, განსაკუთრებული ადგილი უკავია გიოტინგენში მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ სეპტუაგინტას ინსტიტუტში მიმდინარე პროექტს.
„ამ პროექტის ფარგლებში მზადდება ფსალმუნის Editio critica maior, რაც ნიშნავს იმას, რომ ფსალმუნის ყველა წყარო უნდა იყოს გამოყენებული. კვლევის სისრულიდან გამომდინარე, კრიტიკული ტექსტის მოსამზადებლად გათვალისწინებულ უნდა იქნას ქართულიც, როგორც მნიშვნელოვანი წყარო, რისი შესრულებაც მე მთხოვა პროექტის ხელმძღვანელმა ფელიქს ალბრეხტმა. ფსალმუნის ბერძნული თარგმანის გამოცემას სეპტუაგინტას ინსტიტუტი ხელნაწერებისა და ტექსტების კვლევის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებს. ხელნაწერებსა და ტექსტებს ამუშავებენ სპეციალური პლატფორმის (https://sourceforge.net/projects/wfce-ote/) მეშვეობით, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ხელნაწერის კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული აღწერა და ხელნაწერის ტრანსკრიბირება შემდეგი კოლაციონირებისათვის (წყაროთა ურთიერთშედარება) მონაცემების გამოცემაში გასათვალისწინებლად. გარდა ამისა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტსა და გიოტინგენის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ზაფხულში 1 თვით მიწვეული ვარ გიოტინგენის უნივერსიტეტში ქართულ-სპარსული ურთიერთობების შესახებ ლექციების კურსის წასაკითხად“, - ამბობს მკვლევარი, რომელსაც კვლევით საქმიანობასთან ერთად ძალიან მოსწონს სტუდენტებთან ურთიერთობა, „რადგან ენით აღუწერელია ის სიამოვნება, როდესაც შენი შრომის ნაყოფს ხედავ“.
პროფესია, როგორც „კაიფი“ და არა შემოსავლის წყარო
„უნივერსიტეტში ლიტერატურათმცოდნეობის შესავალს გვასწავლიდა რამაზ ჭილაია, რომელმაც ერთხელ გვითხრა: – მართალია, თქვენი პროფესიით ფული არ გექნებათ, მაგრამ ისეთი „კაიფია“, რომელსაც ვერანაირი ფული ვერ მოგიტანთო. მეც დღემდე ამ დევიზით ვცხოვრობ და არ მინანია არასდროს არჩევანი. ყველას ვურჩევ, რომ კარგად დაფიქრდნენ პროფესიის არჩევისას, აკეთონ ის, რაც ნამდვილ სიამოვნებას ჰგვრით, რადგან მთელი ცხოვრება იმის კეთება, რაც არ გიყვარს, სასჯელია. მახსოვს, მაგისტრატურაში სწავლისას ჩვენმა ხელმძღვანელმა, ანა ხარანაულმა, მივლინებით გაგვიშვა მე, ნათია მიროტაძე და ქეთი გაბოშვილი ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ხელნაწერებზე სამუშაოდ. პირველად იქ შევეხე ნამდვილ ხელნაწერს და ის განცდა არ მავიწყდება, როგორ გადავვარდი შუა საუკუნეებში. როგორც მსახიობები ამბობენ, სცენის მტვერს ერთხელ თუ შეისუნთქავ, ვეღარ მოშორდებიო, ასეა ხელნაწერების შემთხვევაშიც. ვისურვებდი, ბევრ სტუდენტს ეგემოს ეს სიამოვნება. ასევე, ჩემი სურვილია, ყველამ იცოდეს, სად ინახება ჩვენი ქვეყნის ეს საგანძური, გვიყვარდეს და მოვუფრთხილდეთ...“
და ბოლოს, როგორც მეოთხე თაობის უნივერსიტეტელს (ძმა, მშობლები, დედის დედა და ბებიას მამაც თსუ-ში სწავლობდნენ; დედაჩემი, მარინე ივანიშვილი, თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია), ძალიან მიყვარს და გული შემტკივა მასზე. მინდა, რომ მუდამ იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტებისა და პროგრესული ცოდნის გადაცემის კერა.