ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თსუ კურსდამთავრებულ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენის გახსნაზე თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ „გამოფენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რა პროფესიითაც არ უნდა განვითარდეს თსუ კურსდამთავრებული, ის უნივერსიტეტთან კავშირს არასდროს წყვეტს.“
გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, სხვადასხვა თაობის 27 გამორჩეული ხელოვანის ნამუშევარი. მათ შორის: თსუ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გოგი ხუციშვილი, რომელიც სწავლობდა სორბონასა და პარიზის სახვითი ხელოვნების სკოლაში, მისი ნამუშევრები კი დაცულია არაერთ საერთაშორისო მუზეუმსა და კერძო კოლექციაში. თსუ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ცნობილი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე. აგრეთვე, ცნობილი მოქანდაკე და გრაფიკოსი გოგი ოჩიაური, რომელმაც პროფესიული საქმიანობა უნივერსიტეტის შემდეგ სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა.
გამოფენაზე ასევე, წარმოდგენილი არიან უნივერსიტეტელი მხატვრები: თამარ ხარაბაძე, ლულუ დადიანი, იდა ოცხელი, რუსუდან ხანთაძე-ანდრონიკაშვილი, მედეა იმერლიშვილი, რომან კუპრეიშვილი, დავით გაგოშიძე, ქეთევან კობახიძე, დავით სილაგაძე, მაია ავლოხაშვილი, ანდრო ამბარცუმიანი, მარიამ ჭილაშვილი, ნინა ვადაჩკორია, ნატო ბაქრაძე, ხათუნა ფერაძე, თამარ ლომიძე, თიკო კობახიძე, უტა გვიმრაძე, თამილა არიშვილი, ინგა ამირიანი, ირმა ბიბილური, ილია ჭრელაშვილი, ხათუნა სონღულაშვილი, ლევან ყიფიანი.
ღონისძიება თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია უნივერსიტეტელების სხვადასხვა თაობის გაერთიანება ერთ სივრცეში.
უნივერსიტეტელმა მხატვარმა მაია ავლოხაშვილმა თსუ ბიბლიოთეკას „ყაჯარული სერია“ (6 ნამუშევარი) და მაიკო ორბელიანის პორტრეტი გადასცა საჩუქრად. მხატვარმა ხათუნა ფერაძემ კი თსუ ბიბლიოთეკისთვის საგანგებოდ შექმნა ახალი ტილო „ვაჟა“.
ღონისძიების ფარგლებში შეიქმნა მონაწილე მხატვართა ნამუშევრების კატალოგი.