საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრირის (გერმანია) უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში

საქართველოსა და გერმანიას შორის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ვიცე რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ტრირის (გერმანია) უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

ვიზიტის ფარგლებში თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორებმა გერმანელ კოლეგებთან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორის ერეკლე ასტახიშვილის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, თსუ-სა და ტრირის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც როგორც აკადემიური პერსონალის ასევე, სტუდენტების გაცვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „ამ ვიზიტს აქვს სამეცნიერო და საგანმანათლებლო მისია. ერასმუსის პროგრამის ფარგლებში ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ტრირის უნივერსიტეტთან, თუმცა, ახალი თანამშრომლობის ფარგლებში,  კიდევ უფრო გაღრმავდება სამეცნიერო თანამშრომლობა ჩვენი უნივერსიტეტების პროფესურას შორის“, - აღნიშნა ერეკლე ასტახიშვილმა.

 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ტრირის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტისა და აკადემიური პერსონალის ინდივიდუალური შეხვედრები თსუ-ის შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებთან.

 

„მიხარია. რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიმყოფებით, ჩვენი სტუმრობის მიზანია, უფრო ინტენსიური გავხადოთ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, გავაფართოვოთ თანამშრომლობის სფეროები მაგალითად, იურიდიული მიმართულებით, ასევე  ჰუმანიტარული მეცნიერებების, არქეოლოგიის, ისტორიის მიმართულებით“,- განაცხადა ტრირის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა, პროფესორმა ტორსტენ მატერნიმ.

 

 თსუ პროფესორის ალექსანდრე კარტოზიას თქმით, თსუ ტრირის უნივერსიტეტთან უკვე რამდენიმე წელიწადია თანამშრომლობს და დღეს ეს თანამშრომლობა კიდევ  უფრო ფართოვდება. „თსუ-ს პარტნიორია არაერთი გერმანული უნივერსიტეტი. ქართულ-გერმანული საუნივერსიტეტო ურთიერთობები უფრო და უფრო ძლიერდება. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამის დასტურია,“- აღნიშნა ალექსანდრე კარტოზიამ.

 

შეხვედრის ბოლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპელას და ტრირის უნივერსიტეტის ორკესტრის მონაწილეობით ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

თარიღი: 14/03/2025