საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი გახსნა, რომელიც ბიბლიოთეკარის დღეს მიეძღვნა.

 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნების გამოფენა-გაყიდვა ფასდაკლებით; ასევე, გაიმართა ახალი გამოცემების პრეზენტაციები, მათ შორის გეოგრაფიული ატლასის, ეკონომიკის თარგმნილი სახელმძღვანელოების წარდგენა, რომელიც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია უნივერსიტეტებისთვის და ზოგადად, დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

 

„საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით  დაარსდა. წელს ფესტივალზე წარმოდგენილია ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული 500-მდე წიგნი, მათ შორის სახელმძღვანელოები. ჩვენს პროფესორებს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სახელმძღვანელოები და კვლევითი ნაშრომები აქვთ გამოცემული. თსუ საქართველოში ლიდერია ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ახალი პროექტით, რომელიც ითვალისწინებს  საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების შექმნას, კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს ახალი წიგნების მომზადება-გამოცემას“,- განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

საქართველოში საუნივერსიტეტო წიგნების გამოცემას საფუძველი თსუ-ში ჩაეყარა. ახალდაარსებული უნივერსიტეტის გრიფით 1919 წელს გამოიცა ლევან ყანჩაველის დამხმარე სახელმძღვანელო ბოტანიკაში.  1923 წელს კი უნივერსიტეტში გაიხსნა სტამბა. მას შემდეგ თსუ გამომცემლობა სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ბეჭდური პროდუქციის ყველაზე სოლიდური გამომცემელია.

 

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა თსუ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ბიბლიოთეკარის დღე მიულოცა და 2 ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარი: ლიანა ცანკაშვილი და ნაზი კაპანაძე უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.

 

„ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე საქართველოში 2003 წლიდან აღინიშნება, ამ დღეს უნივერსიტეტშიც ყოველწლიურად  ვზეიმობთ. წელს, ჩვენ გავხსენით ჩვენი საცავები და გამოვფინეთ ის პირველი, უძველესი გამოცემები, რომელიც დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის გახსნის დღიდანვე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაიწყო ზრუნვა სამეცნიერო ნაშრომების გამოცემაზე და საფუძველი ჩაეყარა საუნივერსიტეტო წიგნების გამოცემას“, - აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

 

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის ლიტერატურული, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელთა მიზანია სამეცნიერო-აკადემიური და მხატვრული ლიტერატურის  პოპულარიზაცია, ცოდნისა და ხელოვნების გაზიარება, ღონისძიებაში სტუდენტებისა და საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობა.

 

პოეზიის საღამოზე სტუდენტებმა წაიკითხეს თსუ ლიტერატურულ ალმანახში „პირველ სხივში“ გამოქვეყნებული სხვადასხვა თაობის ლექსები; თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების თანამშრომლებმა გამართეს რარიტეტული წიგნების აღდგენის ვორქშოფი – ინტერაქციული შეხვედრა წიგნის გაცოცხლების თემაზე.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა თვითნასწავლი მხატვრის ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები. ასევე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტების მონაწილეობით გაიმართა ქართული საოპერო კონცერტი.

თარიღი: 30/04/2025