23 და 25 ივნისს, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ აკადემიური პერსონალისთვის, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრები სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის და ინტერნაციონალიზაციის თემზე. აღნიშნული სამუშაო შეხვედრები შედგა "Bologna Hub Peer Support" პროექტის ფარგლებში, რომელსაც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) ახორციელებს ერაზმუს + -ის დაფინანსებით. პროექტის მიზანია ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებების დანერგვის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA). პროექტის ფარგლებში ბოლონიის ექსპერტები უწევენ კონსულტაციებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მათი სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინებით და ამგვარად ახორციელებენ ბოლონიის ექსპერტთა კოლეგიალური მხარდაჭერის მისიას.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა 86-მა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა. აქედან, საბოლოოდ შეირჩა 30-მდე უნივერსიტეტი ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, ალბანეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან. შერჩეულ უნივერსიტეტთა შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ).
თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სააპლიკაციო განაცხადზე და შემდგომ კონსულტაციებზე დაყრდნობით გამოიკვეთა ძირითადი სამუშაო მიმართულებები, კერძოდ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა და თსუ ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია. კონსულტაციების გასაწევად გამოიყო ბოლონიის ექსპერტი, ზალცბურგის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი გაბრიელა აბერმანი. პროფესორი აბერმანი არის უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ექსპერტი ავსტრიიდან. სწორედ ის უძღვებოდა ზემოთ ხსენებულ ორივე სამუშაო შეხვედრას.
აღნიშნული შეხვედრები დაგეგმილი იყო პროექტის პირველ ეტაპისთვის, მეორე ეტაპზე კი შეფასდება სამუშაო შეხვედრებისას დაგეგმილი აქტივობების განხორციელების საკითხები.