ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში XVIII საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნა, რომელიც თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დაარსებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
სიმპოზიუმში „ომისა და მშვიდობის თემა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურასა და კულტურაში“, მონაწილეობენ 40-მდე უცხოელი და ქართველი მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იაპონიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სლოვენიიდან, სერბეთიდან, ლიეტუვიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.
სიმპოზიუმის ფარგლებში განიხილება ომისა და მშვიდობის ნარატივები თანამედროვე ლიტერატურაში, რეგიონული და ეთნიკური კონფლიქტების ასახვა, ასევე ამ თემების წარმოჩენა ვიზუალურ ხელოვნებასა და ციფრულ მედიაში.
ღონისძიების ფარგლებში თსუ მუზეუმში გაიმართა ფოტოგამოფენა და საიუბილეო გამოცემის „ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ამბებსა და ფოტოებში“ პრეზენტაცია.
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება.