საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია - “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება” 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“/EUSTBA ფარგლებში მესამე საერთაშორისო კონფერენცია დისტანციურ ფორმატში გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა  ევროპისმცოდნეობის დარგში განათლების ადრეული ეტაპიდანვე სწავლებისა და კვლევის დაკავშირების მნიშვნელოვანი როლის კონცეპტუალიზაციას, კვლევის მეშვეობით სწავლების  ბენეფიტების განხილვასა და ამ მიმართულებით საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას, მკაფიო ინსტიტუციური მიდგომის შემუშავების მნიშვნელობის ხაზგასმას. კონფერენციაში მონაწილეობდნენ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, თსუ-ის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, დაინტერესებული მხარეები. 
 

ორდღიანი კონფერენცია ჟან მონეს პროექტის კოორდინატორმა, ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა გახსნა და მოკლედ მიმოიხილა პროექტის იმპლემენტაციის 2 წელი და ამ პერიოდში მიღწეული წარმატებული შედეგები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ასევე, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელებმა პროფ. დანიელა ურსემ, პროფ. ნათია ლაპიაშვილმა, პროფ. თამაზ ზუბიაშვილმა და პროფ. ვასილ კაჭარავამ. მისასალმებელი ცერემონიის შემდგომ კონფერენციის პირველი სესია ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც უძღვებოდა ბუქარესტის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი დანიელა ურსე. მან კვლევასა და მის მახასიათებლებზე უშუალოდ ევროპისმცოდნეობის დარგთან მიმართებაში, საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებებზე, სოციალური კვლევის მეთოდების სწავლების თავისებურებებზე ისაუბრა. 
 

მეორე სესია დაეთმო სწავლების გაძლიერების თემატიკას კვლევების მეშვეობით, რომლის მთავარი მომხსენებლები იყვნენ ბრიტანეთის სოუთჰემპტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი კამილ  ზვოლსკი და კოლეგიუმ ცივიტას პროფესორი და ამავდროულად ევროპის კოლეჯის მიწვეული პროფესორი, თსუ ევროპისმცოდნეობის პროგრამების გარე შემფასებელი ერასმუს+ პროექტის ფარგლებში ქერი ენნ ლონგჰარსტი. ამავე სესიაზე მოხდა ევროპისმცოდნების სწავლების მეთოდებში ჟან მონეს წინა ვორკშოფებსა და კონფერენციაზე დაგეგმილი პუბლიკაციის შიდასაუნივერსიტეტო შეფასება (ე.წ. peer-review).
 

კერძოდ, სესიაზე პრეზენტაციებით წარსდგნენ ევროპისმცოდნეობის ორენოვანი ქართული  ჟურნალის (Georgian Journal for European Studies) სპეციალური გამოცემის სტატიების ავტორები: თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიული შაბაშვილი სტატიით: „პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის დანერგვა აკადემიური წერის კურსში“; თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი არჩილ ყარაულაშვილი სტატიით: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება დისტანციური სწავლებისას (საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და სამართლებრივი ურთიერთობების ზოგადი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ სალექციო კურსების მაგალითზე)“; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი გიორგი მესხი სტატიით: “სოკრატეს სწავლების მეთოდის გამოყენება ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კურსში“; თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დოქტორანტი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ალექსანდრე დავითაშვილი სტატიით „დემოკრატიული მმართველობის სწავლების პრინციპები“. მოხსენების დისკუსანტი იყო თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ეთერ ღვინერია, რომელმაც პროფესორ ზვოლსკისა და პროფესორ ლონგჰურსტთან ერთად სტატიის ავტორებს რეკომენდაციები და შეფასებები გაუზიარა.
 

პირველი დღის დასკვნითი - მესამე სესია დაეთმო სტუდენტთა კვლევებში ჩართვის პრაქტიკული ასპექტების მიმოხილვას, რომელსაც უძღვებოდა გაერთიანებული სამეფოს ბელფასტის ქუინსის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი მარეკ მარტინიშინი. სესია ინტერაქტიული ხასიათის იყო და მასში თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდნენ. მესამე სესია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რის შემდეგაც კონფერენციის პირველი დღე ღონისძიების შეჯამებით დაიხურა. 
 

კონფერენციის მეორე დღე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის მისალმებით გაიხსნა და გაგრძელდა მეოთხე სესიით, სადაც ამჯერად ევროპისმცოდნეობის ორენოვანი ქართული ჟურნალის სპეციალური გამოცემის ფარგლებში მომზადებული სწავლების მეთოდებისადმი მიძღვნილი სტატიების პრეზენტაციებით წარსდგნენ თსუ ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, თსუ-ისა და გრენობლის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ნათია ლაპიაშვილი სტატიით „ევროკავშირის სამართლისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების სწავლება საქართველოში:  გამოყენებული სწავლების მეთოდები და მოსალოდნელი სწავლების შედეგები“; ევროპისმცოდნეობის პროგრამების თანახელმძღვანელი, თსუ-ის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ ზუბიაშვილი სტატიით - „მოსახლეობის კურსში სწავლების მეთოდების ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი“; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი და დეკანი ვახტანგ ჭარაია ( თანაავტორობით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტ მარიამ ლაშხთან) სტატიით „ინოვაციური ფინტექ ტექნოლოგიები საგანმანათლებლო დაწესებულებებში“; ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან მახაშვილი სტატიით „ინოვაციური სწავლებისა და სწავლის მეთოდების გამოყენება საქართველოში ევროპისმცოდნეობის სწავლებისას“ (წარმდგენი: თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი); თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი თამარ კვარაცხელია სტატიით: „ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სამართლის სწავლების ეფექტური მეთოდები“. 
 

მეხუთე სესიაზე ინტერაქტიული ვორქშოპი იქნა შემოთავაზებული გაერთიანებული სამეფოს ბელფასტის ქუინსის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის მარეკ მარტინიშინის მიერ თემაზე - “როგორ გამოვაქვეყნოთ საერთაშორისოდ აღიარებულ რეფერირებად ჟურნალებში (როგორ და რატომ, ტაბუს გარეშე)”. პროფესორმა მარტინიშინმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მონაწილეებს და უპასუხა საერთაშორისო პუბლიკაციების გაზრდის კუთხით დასმულ შეკითხვებს. 
 

კონფერეციის დასკვნითი მეექვსე სესია მიეძღვნა პუბლიკაციის შანსების გაზრდის მიზნით კვლევის მეთოდოლოგიების სწორად აგებას, სწორი კვლევითი სტრატეგიების შერჩევასა და გამოქვეყნების გზაზე თვითდამაბრკოლებელ ქმედებათა თავიდან აცილების საკითხს. სესიას უძღვებოდა ბუქარესტის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი დანიელა ურსე.
 

კითხვა-პასუხებისა და დასკვნითი კომენტარების შემდეგ ჟან მონეს მესამე საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად დაიხურა.

 

 

თარიღი: 18/10/2022