საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რექტორი ირანის ელჩს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მაჰმუდ ადიბსა და საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. 

 

შეხვედრაზე საუბარი ქართულ-ირანულ ურთიერთობებს ისტორიულ კონტექსტში, ასევე, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის საერთო საგანმანათლებლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებს შეეხო.

 

თსუ რექტორის თქმით, უნივერსიტეტი განსაკუთრებულად ზრუნავს ირანული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლასა და განვითარებაზე საქართველოში. „ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო ჩვენ ქვეყნებს შორის, კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენი უნივერსიტეტი ხელს უწყობს ირანისტიკის მიმართულების განვითარებას; ვზრდით თაობას, რომელიც დაინტერესებულია ირანის ისტორიის, კულტურისა და  ენის შესწავლით. გვსურს, გაცვლითი პროგრამების გაძლიერებით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აკადემიური კუთხით,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

თავის მხრივ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მაჰმუდ ადიბმა იმ ისტორიულ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქართულ და ირანულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებობს.

 

ელჩმა გამოთქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს მიეცეს შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამების საშუალებით გაიღრმაოს ცოდნა. „ძალიან ვაფასებთ იმ ინტერესსა და სამეცნიერო საქმიანობას, რომელიც ირანული კულტურისა და სპარსული ენის შესწავლის მიმართულებით მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ძალიან ბევრი თქვენი კურსდამთავრებულია დასაქმებული ჩვენთან საელჩოში, სხვადასხვა პოზიციაზე და ამ ტრადიციას აუცილებლად გავაგრძელებთ. ასევე, გვსურს თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შევიმუშაოთ გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, მეცნიერებისა და პროფესორებისთვის,“ -აღნიშნა მაჰმუდ ადიბმა.

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თსუ-სა და ირანის ისლამური რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

თარიღი: 28/09/2023