თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მიესალმა და მზექალა შანიძეს დღეგრძელობა, ასევე, საინტერესო სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება უსურვა. თსუ-ში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე თსუ რექტორმა უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
სამეცნიერო კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაიმართება. მასზე წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოხსენებები ქართველოლოგიის მიმართულებით. პლენარული სხდომა გახსნეს და მოხსენებები წაიკითხეს ცნობილმა გერმანელმა ენათმეცნიერმა, ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა იოსტ გიპერტმა და თსუ პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ. სულ გაიმართება ექვსი სამეცნიერო სესია.
20 იანვარს მზექალა შანიძისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, სადაც სტუდენტები წარმოადგენენ სამეცნიერო სტატიებს ქართველოლოგიის მიმართულებით.
აკადემიკოსი მზექალა შანიძე ცნობილი ენათმეცნიერის აკაკი შანიძის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“. მზექალა შანიძემ ნახევარ საუკუნეზე მეტი მიუძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდების აღზრდას, სადაც კითხულობდა ლექციებს: ძველი ებრაული ენა, სემიტურ ენათა შედარებითი გრამატიკა, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სინას მთაზე აღმოჩენილი ხელნაწერების შესწავლის შედეგად, სხვა ქართველ მცნიერებთან ერთად შექმნილი, ახლადაღმოჩენილ ხელნაწერთა სამენოვანი კატალოგი. მზექალა შანიძეს გამოქვეყნებული აქვს 200-მდე ნაშრომი ქართული მორფოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტუალური კრიტიკის დარგში.
თსუ მუზეუმში გამოიფინა მზექალა შანიძის პირადი ნივთები, ფოტოები, მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა - წიგნები, ხელნაწერები.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, თსუ მუზეუმი.
მოგვიანებით თსუ ჰუმანიტრაულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ასევე აკადემიკოს მზექალა შანიძისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია მზექალა შანიძე – 100 გაიმართა.