ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით ქართული ენის დღის – 14 აპრილის აღსანიშნავად კონფერენცია "სალიტერატურო ენის საკითხები" – IV გამართა, რომელიც მიეძღვნა პროფესორ შუქია აფრიდონიძის ხსოვნას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შუქია აფრიდონიძის სამეცნიერო მოღვაწეობას, ქართული ენის ისტორიას, დღევანდელობასა და მომავალს, ქართულ ენასთან დაკავშირებულ ფონეტიკის, მორფოლოგიის და სინტაქსის საკითხებს მოიცავდა. კონფერენცია თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ნანა მაჭავარიანმა გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, აკადემიური წრის წარმომადგენლები, სტუდენტები ესწრებოდნენ.