საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საერთაშორისო პერსონალის VI კვირეულს მასპინძლობს

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე პერსონალის მეექვსე საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს. 9 ოქტომბერს კვირეულის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრეთაგან ბევრი აღნიშნავდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს პერსონალის საერთაშორისო კვირეულის მასპინძლობის მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

 

კვირეულის გახსნას თსუ კანცლერი ლაშა საღინაძე, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია გაბიტაშვილი, ევროპის კავშირის დელეგაციის პროგრამის ხელმძღვანელი ნანა ქოჩიაშვილი, თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 „ამ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან  განსხვავებული გონების ხალხია შეკრებილი ერთი საერთო მისწრაფებით, მიაღწიოს სრულყოფილებას უმაღლეს განათლებაში. 

ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ამ თანამშრომლობისა, არის ის როლი, რომელსაც სტუდენტთა და პერსონალის მობილობა ასრულებს საქართველოს უმაღლესი განათლების ევროპულთან ჰარმონიზაციისას. სტუდენტთა და თანამშრომლობის მობილობა არა მხოლოდ ხელს უწყობს  კულტურული ურთიერთგაცვლის საკითხებს არამედ, აუმჯობესებს განათლების ხარისხს ცალკეული პიროვნებების განსხვავებული პერსპექტივებიდან და სწავლების მეთოდოლოგიის კუთხით“,-განაცხადა სტუმრებთან მისალმებისას კანცლერმა ლაშა საღინაძემ.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პერსონალის მეექვსე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში,  ევროპის 8 ქვეყნის 24 მონაწილეს მასპინძლობს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლის ნათია გაბიტაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ძალზე მოწადინებულია, თავისი წვლილის შეიტანოს განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხში და საიმისოდ რომ საქართველო საიმედო პარტნიორად იყოს აღქმული არა მხოლოდ განათლების კუთხით. ამისათვის სხვადასხვა მიმართულებით შესაბამისი აქტივობები ხორციელდება.

 

უცხოელ სტუმრებს და ღონისძიების დამსწრეთ თავისი გამოცდილება და მოსაზრებები გაუზიარეს თსუ აკადემიური პერსონალის იმ წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა, ვინც  ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ იყვნენ მივლინებული. 

 

პერსონალის საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებს  შესაძლებლობა  ჰქონდათ მოესმინათ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის მარინე ჩიტაშვილის ლექცია: „საქართველოს აღდგენა ევროპის შემადგენლობაში“ და ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ლექცია „საქართველო საუკუნეების  მანძილზე“. ორივე ლექცია დამსწრეთა ინტერესიდან გამომდინარე,  საკმაოდ ინტერაქციული აღმოჩნდა.

 

  ხუთი დღის განმავლობაში კვირეულის მონაწილეები უნივერსიტეტების ეფექტიანად მართვის პროცესში ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობას განიხილავენ, და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრებენ.

  

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობენ: საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლები, ინსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული პერსონალი. მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

საერთაშორისო კვირეული 13 ოქტომბერს დაიხურება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის საერთაშორისო კვირეული, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, 2017 წლიდან იმართება. მისი ძირითადი  მიზანი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.

 

2015 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის 420-ზე მეტ პროექტში მონაწილეობს, სადაც თსუ-ს პარტნიორი 151 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა 28 ქვეყნიდან.

თარიღი: 10/10/2023