საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები იუნესკოს ეგიდით ჩატარებული ბიოეთიკის სამთავრობათაშორისო კომიტეტის სხდომაზე

18-19 სექტემბერს იუნესკოს (UNESCO) შტაბ-ბინაში (პარიზი, საფრანგეთი) გამართულ ბიოეთიკის სამთავრობათაშორისო კომიტეტის (Intergovernmental Bioethics Committee) მე-13 სესიის, ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტის (International Bioethics Committee) 30-ე რეგულარული სესიისა და სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიის ეთიკის  მსოფლიო კომიტეტის (World Commission on Ethics and Scientific Knowledge) მე-13 რეგულარული სესიის მუშაობაში თსუ მედიცინის ფაკულტეტის  აკადემიურმა პერსონალმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ფიცხელაურმა და პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ მიიღეს მონაწილეობა.
 

საქართველოდან 2027 წლის ბოლომდე ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტში (International Bioethics Committee (IBC)) წარდგენილი არის ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური, ხოლო სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიის ეთიკის მსოფლიო კომისიაში (World Commission on the Ethics of Scientific Knowledge and Technology (COMEST)) - პროფესორი ნინო  ჩიხლაძე.
 

მიმდინარე წელს კომიტეტების გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა დაემთხვა სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიის ეთიკის მსოფლიო კომიტეტის 25 წლის იუბილეს და  ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტის 30 წლის იუბილეს. შეხვედრა დაიწყო განვლილი სამი დეკადის განმავლობაში მიღწეული შედეგების შეჯამებით, რითიც ნათლად გამოიკვეთა რევოლუციური ტექნოლოგიური პროგრესის, მათ შორის გენერაციული ხელოვნური ინტელექტისა და ნეიროტექნოლოგიების მიღწევების ფონზე, იუნესკოს მანდატის მნიშვნელობა სამეცნიერო ეთიკის სფეროში.

 

ორი დღის განმავლობაში ჩატარებული საპანელო დისკუსიების ძირითად თემებს წარმოადგენდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მართვის ეთიკური ასპექტები, გლობალური ჯანმრთელობის, მეცნიერებისა და საზოგადოების გამოწვევები კოვიდ-19 პანდემიის ჭრილში. სესიების მიმდინარეობისას იუნესკოს საკონსულტაციო ორგანოებმა შეაჯამეს თავიანთი მუშაობა კლიმატის ინჟინერიის ეთიკის, მეცნიერებისა და საზოგადოების ურთიერთობის, სოლიდარობისა და თანამშრომლობის პრინციპების და COVID-19 პანდემიისგან მიღებული გაკვეთილების აქტუალურ საკითხებზე. სესიების მუშაობას წითელ ხაზად გასდევდა ეთიკურ გამოწვევებზე საპასუხოდ იუნესკოს მომავალი ქმედებების შემუშავების და დანერგვის პროცესში ფოკუსი საერთო ღირებულებებისა და პროგრესის ბალანსის უზრუნველყოფაზე.

თარიღი: 22/09/2023