ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მედიცინის ფაკულტეტის 2022 წლის საუკეთესო კათედრის დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა. ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის გადაწყვეტილებით წლის საუკეთესოდ "დერმატოლოგიის და ვენეროლოგიის“ კათედრა დასახელდა.
ღონისძიების მეორე ნაწილი სტუდენტთა კონფერენციას დაეთმო, რომელშიც მონაწილეობა როგორც ქართველმა, ასევე უცხოენოვანი პროგრამის ყველა საფეხურის სტუდენტმა მიიღო. „მდგრადობის როლი მშობლის ფსიქოლოგიურ კონტროლს, ახალგაზრდების PIU-სა და დეპრესიას შორის: მედიაციისა და მოდერაციის მოდელები,“ „თერაპიული ჰიპოთერმიის ეფექტი ნევროლოგიური გამოჯანმრთელების გაუმჯობესებასა და სიკვდილიანობის შემცირებაზე სრული იშემიის შემდეგ მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში“ ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სტუდენტებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს.
ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს ჯაბა სამუშიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა: „მედიცინის ფაკულტეტმა ჩვენს ტრადიციულ ფაკულტეტებს შორის, არათუ ადგილი დაიკავა, არამედ გახდა ერთ-ერთი ლიდერი. მისი წარმატება გასცდა უნივერსიტეტის წიაღს და გახდა უფრო მასშტაბური. ძალიან საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს ჩვენმა ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა და სწორედ ეს აჩვენებს იმას, რომ ფაკულტეტი ძალიან ინტენსიურად მუშაობს. დღეს ახალ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი, გამოვლინდა 2022 წლის საუკეთესო კათედრა მედიცინის ფაკულტეტზე, ამ ფორმით ფაკულტეტზე წახალისდება კათედრები, რადგან მათი მუშაობა უფრო პროდუქტიული იყოს. ასეთი სიმბოლური დაფასება აუცილებელია, იმ ადამიანების, რომლებიც რუდუნებით შრომობენ ჩვენი სტუდენტებისთვის.“
ღონისძიება უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი კორძაიამ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მიიღეს.