თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ოპტიკაში მსოფლიოში წამყვანი გერმანული კომპანიის კარლ ცაისის (CARL ZEISS) უახლესი მიკროსკოპებით შეძლებენ კვლევას.
გერმანული კომპანიის CARL ZEISS წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან კახაბერ ჭეიშვილთან, თსუ-ის კანცლერთან ლაშა საღინაძესთან, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან პეტრე ბაბილუასთან და პროფესორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა მადლობა გადაუხადა CARL ZEISS-ის კომპანიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თსუ-ს მსოფლიოში ცნობილი კომპანიასთან აქვს ურთიერთობა იმისათვის, რომ უნივერსიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობდეს სასწავლო და კვლევითი საქმიანობა. „ჩვენ ვისარგებლებთ ცნობილი გერმანული კომპანიის მხარდაჭერით და გვჯერა, რომ უფრო გავაუმჯობესებთ სასწავლო პროცესს, ვინაიდან დღევანდელი სასწავლო პროცესი ვერ წარიმართება თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე“,- აღნიშნა კახაბერ ჭეიშვილმა.
CARL ZEISS - ის სამედიცინო ტექნოლოგიების ქარხნის რეგიონულმა დირექტორმა გვიდო ბაუჰამერმა, თსუ-ის წარმომადგენლებს CARL ZEISS-ის მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიები გააცნო. „ჩემთვის დიდი შესაძლებლობაა აქ ყოფნა, რომ ვისაუბრო ჩვენს კომპანიაზე. მზად ვართ, ნებისმიერ კონტრიბუციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს უნივერსიტეტში სასწავლო და კვლევითი საქმიანობის განვითარებას“,- განაცხადა გვიდო ბაუჰამერმა.
ცნობისათვის, გაკეთდა დიდი ფასდაკლება სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის და ბიოლოგიის დეპარტამენტის მორფოლოგიის კათედრაზე მიმდინარე პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად თსუ-მ 19 თანამედროვე მაღალი გარჩევითობის მიკროსკოპი შეიძინა. ამ მიკროსკოპებით ასევე ჩატარდება მეცადინეობები მედიცინის ფაკულტეტის როგორც ქართულენოვანი, ასევე, ინგლისურენოვანი პროიგრამის სტუდენტებისთვის.
სამეცნიერო კვლევებისთვის შეძენილია ერთი დიდი მაღალი გარჩევითობის მიკროსკოპი. მსგავსი მიკროსკოპი ორი წლის წინ, რექტორ ჯაბა სამუშიას გერმანიაში ვიზიტის დროს გადაეცა ასევე საჩუქრად უნივერსიტეტს.
შეხვედრაზე დაიგეგმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი ობერკოხენში (გერმანია) და ცაისის ქარხნის დათვალიერება.
კარლ ცაისი (CARL ZEISS) უძველესი კომპანიაა, რომელიც 1846 წლიდან არსებობს როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების მწარმოებელი, როგორც სამედიცინო, ისე ბიოტექნოლოგიის და ასტრონომიის მიმართულებით. ცაისის სახელს უკავშირდება უმაღლესი ხარისხის ოპტიკა (ZEISS), რომელიც გამოიყენება ურთულეს ასტრონომიულ ხელსაწყოებში.