თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საპროექტო წინადადების შედგენაზე მუშაობა დაიწყო. თსუ მაღალი ენერგიების ინსტიტუტის A ბლოკის გამაგრებისა და რეაბილიტაციის მიზნით შესასრულებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საქართველოს ტექნიკური ჯგუფის“ წარმომადგენლები ობიექტის შეფასებით/შესწავლით სამუშაოებს შეუდგნენ.
შპს „საქართველოს ტექნიკური ჯგუფის“ წარმომადგენლებს თსუ კანცლერი ლაშა საღინაძე და კანცლერის მოადგილე გიორგი შამათავა შეხვდნენ და ერთად დაათვალიერეს კორპუსი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს შენობა-ნაგებობის აზომვას, გეოლოგიურ და ფუძე-საძირკვლების დეტალურ კვლევას; ჩატარებული კვლევების საფუძველზე კონსტრუქციული პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას.
თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის თქმით, გამაგრების სამშენებლო სამუშაოების პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.