საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი 53-ე სკოლასთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის №53 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბურჯალიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტსა და სკოლას შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიული თანამშრომლობის განვითარება, ერთობლივი პროექტების, ტრენინგებისა და კვლევითი აქტივობების განხორციელება, მოსწავლეთა და მასწავლებელთა შესაძლებლობების გაფართოება და თსუ-ს აკადემიური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაცია.

 

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ რექტორმა დამსწრე აუდიტორიას მიმართა: “ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც უნივერსიტეტი ასეთ თანამშრომლობას იწყებს. გავა წლები და მიხვდებით, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც სტუდენტი იღებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ სამშობლოს სიყვარულს. ლექცია მხოლოდ ფორმალური პროცესი არ არის - ეს არის მთავარი კონტაქტი, რომელიც სტუდენტსა და ლექტორს შორის ყალიბდება და აგრძელებს იმ ხაზს, რაც დიდმა ივანემ დაიწყო. ეს გზა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს თქვენი სამყაროა, თქვენი ყოველდღიურობაა.”

 

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ივანე ჯავახიშვილი 150“ ჩვენება, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედის“ და თსუ-ის ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა. ფილმის ავტორია მარიკა ბაკურაძე.

თარიღი: 29/04/2026