თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ამანისა და სპარსეთის ყურის სტრატეგიული კვლევების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარემ, დოქტორმა, ელჩმა მოჰამედ ისა ალ-ადვანმა.
შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების, კვლევების განხორციელებას, ისტორიის, დამწერლობის შესწავლას, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ასევე კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას, ისტორიული ცნობებისა და წყაროების გაციფრულებას.
შეხვედრისას თსუ-ს რექტორმა გამოკვეთა ორი პრიორიტეტული მიმართულება: საერთაშორისო კონფერენციების ციკლი, რომელიც გააანალიზებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, აგრეთვე, ღია წყაროების კვლევა საქართველოს შესახებ.
ჯაბა სამუშიამ ასევე ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის მზაობას გააძლიეროს საერთაშორისო პარტნიორობა და ხელი შეუწყოს კულტურათა დიალოგს: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს გააფართოოს სამეცნიერო ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან აკადემიურ და კვლევით ცენტრებთან. ჩვენი მიზანია, ცოდნის გაზიარებითა და ერთობლივი კვლევებით დავაახლოვოთ საზოგადოებები და ხელი შევუწყოთ განვითარების საერთო მიზნებს.“