საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გარდაიცვალა თსუ პროფესორი თედო დუნდუა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თედო დუნდუა.

 

თედო დუნდუა ოთხი ათეული წლის განმავლობაში პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს ასობით პუბლიკაცია საქართველოს სხვადასხვა ეპოქის ისტორიის, ქართული ნუმიზმატიკის, ეპიგრაფიკის, ისტორიის ფილოსოფიის საკითხებზე. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოირჩეოდა სრულიად ახალი ხედვით,  განსაკუთრებით კი - ისტორიული პროცესების ფილოსოფიურად გააზრებით.

 

უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული ნაშრომებით თედო დუნდუას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს ისტორიის  შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. აღსანიშნავია, რომ მისი კვლევის ინტერესის საგანს წარმოადგენდა ევროპის შექმნა და ევროპის ინტეგრაციის ისტორიული ფორმები, რასაც ათწლეულების განმავლობაში ასწავლიდა საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

 

თედო დუნდუას ლექციებს ისტორიკოსთა არაერთი თაობა აღფრთოვანებით ისმენდა. მისი სახით გამორჩეული, განსაკუთრებულად ერუდირებული და ორატორული ნიჭით დაჯილდოებული ლექტორი, საერთაშორისო დონის მკვლევარი და მეცნიერი დაკარგა ქართულმა აკადემიურმა, სამეცნიერო სივრცემ და სრულიად საქართველომ.

თარიღი: 17/10/2025