ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2022 წლის 27-29 მაისს გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (www.isysh.tsu.ge).
ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება. სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები როგორც თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან (ილიაუნი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საპატრიარქოს უნივერსიტეტი და სხვ.), ისე საქართველოს რეგიონების უნივერსიტეტებიდან (ბათუმის, ქუთაისის და სხვ.) და საზღვარგარეთის სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებიდან (აშშ, იტალია, გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, სომხეთი და სხვ.).
ღონისძიების მთავარ სამიზნე ჯგუფსა და აუდიტორიას ახალგაზრდა მეცნიერები (მაგისტრები, დოქტორანტები და დოქტორები) წარმოადგენენ, რომლებიც აგრძელებენ არსებულ სამეცნიერო ტრადიციას და შემოაქვთ სიახლეები ქართულ საუნივერსიტეტო და, ზოგადად, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
ჰუმანიტარულ და მომიჯნავე დარგებში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერებს სიმპოზიუმი საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი კვლევის შედეგები, შეძლონ საკუთარი სამეცნიერო მიღწევების ინტერნაციონალიზაცია და მიიღონ კვალიფიციური უკუკავშირი. სიმპოზიუმი ღიაა ჰუმანიტარულ და მის მომიჯნავე დარგებში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერებისათვის, თუმცა ყოველწლიურად საორგანიზაციო ჯგუფი სამეცნიერო კომიტეტთან ერთად საზღვრავს კონკრეტულ მიმართულებებსა და დარგს, რომელსაც მიეძღვნება რიგი ღონისძიებებისა. პირველი სიმპოზიუმის თემატური ბლოკი მიეძღვნა თარგამანისა და თარგმანმცონდეობის საკითხებს, მეორე სიმპოზიუმი — ივ. ჯავახისშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის 100 წლის იუბილეს, ხოლო მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი აღმოსავლეთმცოდნეობის სწავლებისა და კვლევის ტრადიციას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბისლისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს მსოფლიოში.
ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულებაა არქეოლოგიის კვლევის მრავალწლიანი ისტორია თსუ-ში და დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში. არქეოლოგია თსუ-ში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, ყოველწლიურად იზრდება დაინტერესება უცხოელთა მხრიდან, რაც, ცხადია, გზას უხსნის საერთაშორისო პროექტებსა და თანამშრომლობას. თსუ-ს პროფესორებისა და სტუდენტების აქტიური სამეცნიერო ჩართულობის ფონზე, უფრო და უფრო იხვეწება კვლევის თანამედროვე მეთოდები არქეოლოგიაში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თსუ-ს მიერ განხორციელებული აღმოჩენები მეტად მნიშვნელოვანი გახდა საერთაშორისო სამეცნიერო წრისთვის. აქედან გამომდინარე, წლევანდელი სიმპოზიუმის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს არქეოლოგიის აქტუალური საკითხების კვლევა-წარმოჩენა და თანამედროვე მეთოდების გაზიარება დარგში არსებული უახლესი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს დარგობრივი და თემატური, ინტერდისციპლინური სექციები, სადისკუსიო ფორუმები, გაიმართება პლენარული მომხსენებლების საჯარო ლექციები, საერთაშორისო ორგანიზაციის − „აკადემიური კვლევის მეგობრები საქართველოში" (FaRiG) მიერ დაფინანსებული მრგვალი მაგიდა − ქართველ და ბრიტანელ ახალგაზრდა არქეოლოგთა მონოგრაფიის − „დარიალი: „კასპიის კარიბჭე“ კავკასიაში ანტიკურობიდან ჰუნების ეპოქასა და შუა საუკუნეებამდე” − წარდგინება.