თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსებში კვების ობიექტების მოწყობაზე აუქციონი გამოცხადდა. კვების ობიექტებში, რომელიც მოეწყობა თსუ მე-2, მე-5, მე-6, მე-10 (მაღლივი) და მე-11 (განივი) კორპუსებში, სტუდენტები შეღავათიანი ფასებით ისარგებლებენ.
აუქციონის პირობების თანახმად, კვების ობიექტების ყოველდღიურ მენიუში წარმოდგენილი იქნება არანაკლებ 8 სახეობის პროდუქცია, რომელიც სტუდენტებში ყველაზე მოთხოვნადია. ამ პროდუქციის ჩამონათვალი თავად სტუდენტებმა შეარჩიეს. მათგან ყოველდღიურად მინიმუმ 4 დასახელების პროდუქციაზე გავრცელდება არანაკლებ 25-პროცენტიანი ფასდაკლება.
ამასთან, კიდევ ერთი აუქციონი გამოცხადდება - თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიხსნება კვების ობიექტი, სადაც განთავსდება ლიტერატურული კაფე.
თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა საღინაძის განცხადებით, თსუ-ის ადმინისტრაციამ აუქციონის პირობებში სპეციალური პუნქტი ჩადო, რომლის მიხედვითაც, თსუ სტუდენტებს კვების ობიექტებში დასაქმებაში ხელი შეეწყობათ. ასევე, მომავალში იგეგმება კვების ობიექტებში საბარათე სისტემის დანერგვა. ბარათების საშუალებით თსუ სტუდენტები ფასდაკლებებით ისარგებლებენ.
ინფორმაცია აუქციონების შესახებ იხილეთ: დანართი 2, დანართი 3, დანართი 4, დანართი 5, დანართი 6.