საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანსამბლი “უნივერსიტეტი”

პირველი მომღერალთა გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1928 წელს დაარსდა. ეს იყო ქალ-ვაჟთა გუნდი, რომელიც 50 მომღერლისგან შედგებოდა. ვაჟთა ვოკალური ანსამბლი “უნივერსიტეტი” 2000-იანი წლების დასაწყისში რობერტ გოგოლაშვილმა ჩამოაყალიბა,  დღეს ის “ქართული ხმების” სახელითაა ცნობილი და იგი წარმატებით აგრძელებს უნივერსიტეტის ტრადიციებს. 

ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა “უნივერსიტეტმა” რამდენიმე თაობა აღზარდა. ამჟამად ანსამბლი შედგება 12 წევრისგან და მისი ხელმძღვანელი ანსმბლ "ქართული ხმების” სოლისტი ვასიკო დოლიძეა. 2007 წლიდან დღემდე იგი სტუდენტური ანსამბლის მესამე თაობას უდგას სათავეში. 

როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობიდან მღერის. მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა, ხშირად მშობლებთან ერთად მღეროდა, ხანაც - მარტო. “ჩემი სტუდენტობის პერიოდში, მეც ჩემი ანსამბლის ბიჭებივით ვმღეროდი და როდესაც მივიღე შეთავაზება უნივერსიტეტიდან, ბევრი არ მიფიქრია. მანამდეც მყოლია სხვადასხვა კოლექტივები და საკმაოდ წარმატებულიც თუმცა, იქ საქმე მქონდა პროფესიონალ შემსრულებლებთან. თსუ, სტუდენტური ანსამბლის ხელმძღვანელობა ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის და მე ის მივიღე. დღევანდელი შემადგენლობა ტოლს არ უდებს წინამორბედებს, რაც ძალიან მახარებს და მეამაყება,” -აღნიშნა ვასიკო დოლიძემ. 

ანსამბლის წევრების უმეტესობა თსუ სტუდენტია. ხელმძღვანელის თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან იღებდნენ ნიჭიერ მომღერლებს. ასეთი სახის "მომართვიანობის" შემთხვევები ხშირია. ბევრი უცხო სტუდენტი მოსულა თხოვნით და სურვილით, ემღერათ თსუ ანსამბლში და თუ იგი ხდავს, რომ სურვილი და ნიჭიერება თანხვედრილია, ასეთი ახალგაზრდებისთვის ანსმბლ ”უნივერსიტეტის” კარი ყოველთვის ღიაა.

“ბიჭებს ძალიან უყვართ ქართული სიმღერა და  შეიძლება ითქვას, რომ ამბიციურებიც არიან. მე თვითონ საოცრად მსიამოვნებს, როცა ვხედავს მათ ანთებულ თვალებს სიმღერის დროს. მათი სიმღერის მიღმა ურთიერთობაც სამაგალითოა. ისინი ძალიან კარგი მეგობრები არიან. თითოეულ მათგანს განსხვავებული პროფესია აქვს, თუმცა სიმრერა მაინც მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩება. ჩვენთან ჯერ კიდევ მღერის მეორე თაობის წევრი, რომელიც ამავდროულად თსუ ლექტორია, ასევე პირველი თაობის წევრი, მეცნიერებათა დოქტორი კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტში, მეორე თაობის წამყვანი სოლისტი კი ახლა ყაზბეგის მერია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, ქართული სიმღერა, ზოგადი წარმატების ერთ-ერთი საწინდარია,”-ამბობს ანსამბლის ხელმძღვანელი.

გიორგი ელერდაშვილი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. იგი 7 წლის ასაკიდან  მღერის და პირველი მუსიკალური განათლება ანსამბლ ”ჩოხოსნებში” მიიღო. 2018 წელს შეიტყო თსუ-ში ვაჟთა ვოკალური ანსამბლის შესახებ და ხელმძღვანელთან გასაუბრების შემდეგ მათი წევრი გახდა. 

“ძირითადად ხალხურ სიმღერებზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ ასევე ბევრი ქალაქური სიმღერაც გვაქვს. ჩვენი ხელმძრვანელი, ვასიკო დოლიძე ენერგიას არ იშურებს ანსამბლისათვის მისი დაარსების დღიდან, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად”. ანსამბლს ყოველწლიურად ემატებინ ახალი წევრები, რომლებიც მეტ სრულყოფილებას სძენენ გუნდს, თუმცა ეს ყველაფერი დაუზარელი შრომისა და მრავალი რეპეტიციის შედეგად მიიღწევა,”-აღნიშნავს გიორგი. მისი აზრით, ანსამბლი “უნივერსიტეტი” გამოირჩევა მისი თითოეული წევრის უსაზღვრო შესაძლებლობებით. ასევე აღსანიშნავია ის არაჩვეულებირივი ატმოსფერო, რომელიც სუფევს ანსამბლში, ეს ბევრად უფრო ახალისებს და ამარტივებს მუშაობის პროცესს. 

ანსამბლი “უნივერსიტეტი” წარმატებით მონაწილეობს უამრავ კონცერტსა და ღონისძიებაში. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ძველი ქართული სიმღერების მოძიება-დამუშავებასა და რეპერტუარის განახლებაზე. სამომავლოდ “უნივერსიტეტი” გეგმავს გასცდეს ქვეყნის საზღვრებს და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოს საქართველო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თარიღი: 29/08/2020