გოჩა საითიძე
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1950
1993 დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ასევე ასპირანტურა საქართველოს ისტორიის სპეციალობით; სტუდენტობის პერიოდში იყო აკად. სიმონ ჯანაშიას სახელობის სტიპენდიატი.
1994 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც 2009 წლამდე საქმიანობდა; 2003-2009 წლებში იყო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე; 1993-1995 წლებში მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთებში: "კავკასიონი", "The Georgian Times" და სხვ; 1995-1997 წლებში იმყოფებოდა გერმანიაში და სწავლობდა ჯერ ქ. ზაარბრიუკენის, შემდეგ კი - ქ. ტრირის უნივერსიტეტებში; 1997-1999 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია "იბერიაში", იყო საისტორიო გადაცემის - "სახეების" ავტორი; 1998 წლიდან თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრაზე კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიასა და ქართული დიპლომატიის ისტორიაში; იყო კათედრის დოცენტი, სწავლული მდივანი, კათედრასთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი; 1998 წელს გახდა საისტორიო ჟურნალ "არტანუჯის" რედკოლეგიის წევრი; 2000-2003 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ახალგაზრდა მეცნიერთა საპრეზიდენტო სტიპენდიატი, ხოლო 2008 წელს - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების (რუსთაველის) ფონდის შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიატი; 2003 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, "სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრი" დააარსა, რომლის უმთავრეს მიზანს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული მატერიალური და კულტურული ძეგლების შესწავლა წარმოადგენს; ამ დროიდან მოყოლებული დღემდე, ცენტრმა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არაერთი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო; 2003 წელს იყო საქართველოს ისტორიის კვლევის, სწავლების და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის შემმუშავებელი კომისიის წევრი; 2003 წლიდან - საისტორიო ჟურნალ "საისტორიო ვერტიკალების" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2005-2006 წლებში - თსუ-ის ისტორიის მიმართულების დარგობრივი სარედაქციო-საგამომცემლო კოლეგიის თავმჯდომარე; 2008 წლიდან დღემდე - საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის წევრი; 2005 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2005-2006 წლებში იყო თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2006 წელს - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2009 წლებში - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2007-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; 2011 წლიდან მოღვაწეობს კავკასიის უნივერსიტეტში, არის მედიის სკოლის პროფესორი. გ. საითიძე სისტემატურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო კონფერენციებში (იაპონიაში, რუსეთში, გერმანიაში, თურქმენეთში, შვეიცარიაში და სხვ.); სხვადასხვა დროს, სამეცნიერო მივლინებებით იმყოფებოდა მოსკოვის ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში, მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივში, ზაარლანდის, ფრაიბურგის, ტოკიოს უნივერსიტეტებში და სხვ; 2005 წლიდან არის სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო პროექტის მონაწილე, ხელმძღვანელი, კერძოდ: "სამიმოსვლო გზები კავკასიაში და მათი უსაფრთხოება. რუსეთის იმპერიის ინტეგრაციის პრობლემა 1780-1860 წლებში", "ტაო-კლარჯეთი - ისტორიისა და კულტურის ძეგლები (გეოინფორმაციული სისტემა და ინტერაქტიული ვებ-რუკა)", "ტაო-კლარჯეთი - ისტორია და კულტურა" და სხვ; იკვლევს საქართველოს შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორიის სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიას, ქართული დიპლომატიის ისტორიას, ქართულ-რუსულ და ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, XIX-XX საუკუნეების საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ისტორიული სამხრეთ საქართველოს - მესხეთის ისტორიას და სხვ. ავტორია ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებული 10-ზე მეტი წიგნისა და ბროშურის, 100-ზე მეტი სამეცნიერო, 450-ზე მეტი საგაზეთო, საჟურნალო და საენციკლოპედიო სტატიის. ისტორიის დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმერეთის სამეფოს ურთიერთობა რუსეთთან XVII საუკუნის 40-50-იან წლებში", დაიცვა 1998 წელს.