ალექსანდრე რონდელი
დიპლომატი, პოლიტოლოგი
დაბადების თარიღი 1942
1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის სპეციალობით. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე ასპირანტურაში.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ირანის ქალაქების ფორმირებისა და განვითარების ძირითადი საკითხები", დაიცვა 1974 წელს.
1968-1970 წლებში მუშაობდა ირანში; 1970 წლიდან გააგრძელა სწავლა ასპირანტურაში, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა მასწავლებლად და 1983 წლიდან - დოცენტად. 1976-1977 წლებში სტაჟირება გაიარა ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის გეოგრაფიის დეპარტამენტში; 1982 წელს სტაჟირება გაიარა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე; 1993-1994 წლებში სტაჟირება გაიარა ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს ალექსანდრე რონდელი იყო მიწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ); 1995 წელს - მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ); 1992, 1995 და 1997 წლებში - უილიამს კოლეჯში. 1993 წელს აირჩიეს ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრად. 1991-1996 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგე; 1997-2001 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი; 2000 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი; 2002 წლიდან იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.
ნაშრომები:
- საქართველო - რუსეთი უარყოფითიდან დადებით გაურკვევლობამდე. Georgia – Russia = from negative to positive uncertainty, თბ.: 2013.
- პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, თბ.: მეცნიერება, 2003.
- საერთაშორისო ურთიერთობები, თბ.: თბილისის დამოუკიდებელი უნ-ტი, 1996.
- ქალაქის გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებისათვის, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1990.