ავთანდილ პოპიაშვილი
ფილოსოფოსი
დაბადების თარიღი 1944
1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. 1970-1977 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი.
1973 წლიდან იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977 წლიდან შეთავსებით იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი. მისი კვლევა-ძიების მთავარი სფერო იყო გერმანული კლასიკური ფილოსოფია. იგი ეროვნული პრობლემატიკისა და პოლიტიკის თემებისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი სტატიისა და პუბლიცისტური წერილის ავტორია. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). მის მშობლიურ სკოლას სოფელ გამარჯვებაში 1998 წლის 1 სექტემბრიდან ეწოდა ავთანდილ პოპიაშვილის სახელი.