ავთანდილ არაბული
ენათმეცნიერი
დაბადების თარიღი 1953
ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული დაიბადა 1953 წლის 24 მარტს, ყაზბეგის რაიონში, კერძოდ, სოფელ ჯუათაში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1980-1984 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უმცროსი, ხოლო 1984-1988 წლებში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1988-1998 და 2006-2009 წლებში ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე. 2000-2005 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "ზმნური და სახელური დერივაციის ურთიერთმიმართების საკითხები ქართველურ ენებში". 1992-2006 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2005-2006 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს უცხო ენათა ინსტიტუტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2008-2010 წლებში იყო წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის "ქართული უნივერსიტეტის" პროფესორი. 2006-2012 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 2009 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი და აკადემიასთან არსებული საქართველოს მთიანეთის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრია. ავთანდილ არაბული 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.