თინათინ ცაგარეიშვილი
ენათმეცნიერი
დაბადების თარიღი 1928
ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი და აღმოსავლეთმცოდნე თინათინ ცაგარეიშვილი დაიბადა 1928 წელს ქალაქ თბილისში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1949-1952 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი აკადემიკოს გიორგი ახვლედიანისა და ლენინგრადელი პროფესორების - ა. ფრეიმანისა და ა. ბარანიკოვის ხელმძღვანელობით. 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ტატჰურუშა (ლიტერატურული კომპოზიტები) ინდურ-ირანულენებში”. 1986 წელს კი მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,სახელთა თხზვა ახალ სპარსულ ენაში”. 1957-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 1960 წლიდან 1997 წლამდე მუშაობდა აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 1995 წლიდან იყო აზია-აფრიკის ინსტიტუტის პროფესორი. თინათინ ცაგარეიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ლენინგრადისა და მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებთან. მისი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებია: ,,სატირა ფირდოუსის შემოქმედებაში”, ,,სახელთა თხზვა ახალ სპარსულ ენაში’’, ,,ნიკო მარის სპარსულ-რუსული ლექსიკონის მასალები” - ვრცელი გამოკვლევითა და მასალებით და კალიდასას ,,მეგჰა-დუტას გამოკვლევა და კომენტარები” პოემის სანსკრიტულ-ქართული ლექსიკონი. თინათინ ცაგარეიშვილს ასევე ეკუთვნის შემდეგი თარგმანები: კალიდასას პოემა ,,მეგჰა-დუტა-ღრუბელი მაცნე”, ,,ინდური ზღაპრები ”, ,,ბირმული ზღაპრები ” და კრიშან ჩანდრის ნაწარმოებები. გარდაიცვალა 1997 წელს, ქალაქ თბილისში.
თარიღი:
05/03/2020